გამქირავებლების დიდ ნაწილს მოუწია ფასის განახევრება, ნაწილმა კი გადასახადი გადაავადა
ნინა გარდაფხაძე
30.04.2020

კორონავირუსმა უძრავი ქონებს ბაზარზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა იმ ადამიანებს, ვინც ბინების გაქირავებით არიან დაკავებულები. ის კატეგორია, ვინც დედაქალაქში ბინას ქირაობდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა და იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ რაიონებში ან გამქირავებელთან მოლაპარაკების ხარჯზე ბინის ღირებულების ნახევარი გადაეხადათ. 

დედაქალაქში ბინას უმეტესად სტუდენტები ქირაობენ, რომელთა დიდი ნაწილიც სასტუმროებში და კაფე-ბარებში არიან დასაქმებულები. მას შემდეგ რაც საქართველოში შეზღუდვები დაიწყო, კორონავირუსის გამო, ყველა რესტორანი და კაფე-ბარი დაიხურა, შესაბამისად, სტუდენტების უმეტესი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც გამქირავებლებს პრობლემა შეუქმნა. ადამიანების დიდმა ნაწილმა ნაქირავები ფართები დაცალა და რეგიონებში წავიდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ლიზა შენგელია ბარის მენეჯერი იყო,  თუმცა მას შემდეგ, რაც ბარი დაიხურა სრულიად უსახსროდ აღმოჩნდა დედაქალაქში. იგი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან რაიონში წასვლაც ვერ მოახერხა.

„შემოსვლის გარეშე დავრჩი ნაქირავებ ბინაში, სრულიად მარტო. რაიონში არ მყავს არავინ და ვერ წავალ ვერსად. შესაბამისად, მომიწია ბინის მეპატრონესთან დალაპარაკება და თხოვნა, რომ 500 ლარის ნაცვლად, 250 ლარი გადამეხადა. სიმანდვილეში ესეც დიდი პრობლემაა ჩემთვის. 

გამიმართლლა და მეპატრონე დამთანხმდა, უამრავმა ადამიანმა ესეც კი ვერ მოახერხა. ძალიან რთულ მდგომარეოაში ვარ, მიწევს საკვებზე ზრუნვა და პლუს იმაზე ვფიქრობ თვის ბოლომდე 250ლარი როგორ ვიშოვო. რა თქმა უნდა, ფიზიკური პირისგან აღებული სესხის გარდა, სხვა გამოსავალი არ მაქვს. რამდენი უნდა ვისესხო ისიც ვერ გავთვალე, რადგან არავინ იცის ეს ყველაფერი როდის დასრულდება და აღდგება თუ არა ჩემი სამსახური“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ლიზა შენგელიამ.

დიდუბეში მცხოვრები მაია ხონელიძეც ასევე მოელაპარაკა ბინის მფლობელს და გადასახადი გაუნახევრეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან მაინც რაიონში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ერთ ოთახში უმოქმედოთ გამოკეტილმა ვერ გაძლო. რამდენადაც სილამაზის სალონები დაახლოებით ერთი თვე არ აღდგება, ისიც დედაქალაქში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. 

თავისებურად პრობლემები შეექმნათ უძრავი ქონების მეპატრონეებსაც. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავალი სწორედ ბინის გაქირავება იყო, თუმცა ახლა ისინი ფაქტის წინაშე დადგნენ, როდესაც მდგმურებმა ბინების დაცლა დაიწყეს იმის გამო, რომ გადახდას ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ისინიც იძულებულნი არიან გადასახადის საგრძნობლად შემცირებაზე დათანხდნენ, რადგან შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

კომპანია „კიბეს“ დირექტორი ნელი გოგუაძე „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ გამქირავებლების დიდ ნაწილს მოუწია ფასის განახევრება, რომ მდგმური შეენარჩუნებინა, ნაწილმა კი გადასახადი გადაუვადა.

„პრობლემები ბუნებრივია უძრავი ქონების ბაზარზეც არის და კორონავირუსი ამ სექტორსაც შეეხო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არ არის პირდაპირ კავშირში შემცირებულ ტურისტულ ნაკადთან, გამქირავებლებს იმ ადამიანებისათვის მოუწიათ გადასახადის განახევრება ან გადავადება, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ. ვიცი ისეთი შემთხვევების შესახებაც, როდესაც მეპატრონეები გადასახადს რამდენიმე თვით არ ახდევინებენ მდგმურებს. 

ახლა გაქირავებაზე და ახალი კლიენტის შოვნაზე საუბარიც ზედმეტია. დღეს ბინის დაქირავება არავის უნდა, ფაქტობრივად, გაყინულია ბიზნესი. გამოცოცხლება შემოდგომამდე არ იქნება“, - განუცხადა „რეზონანსს“ნელი გოგუაძემ.

განსაკუთრებული პრობლემა ბაზარზე ალბათ მას შემდეგ დარჩება, რაც ეკონომიკური რეცესია ზოგიერთი სახეობის ბიზნესის მთლიანად გაუქმებას გამოიწვევს და დასაქმებულებს აღარ ექნებათ იმედი, რომ სამსახურებში კვლავინდებურად დაბრუნდებიან. არსებობს მოლოდინი ტუროპოერატორები, კაფე-რესტორნები და სასტუმროები ძველებურად ვეღარ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, შესაბამისად ნაკლები კადრი დასჭირდებათ. 

სახელმწოფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის მიღება შეუძლიათ კი იმ პირებსაც, ვინც Booking.com-სა და Airbnb-ის სისტემების მეშვეობით დღიურად აქირავებდა ბინებს და ახლა მომხმარებლები აღარ ჰყავთ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კლასიფიკაციის მიხედვით, ეს ადამიანები სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ერთჯერადად 300 ლარის დახმარებას მიიღებენ, ამისთვის კი, მათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა დასჭიროდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×