
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ტურიზმი მთლიანდ გაჩერებულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ საქართველოში დგას. სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია რამე კონკრეტული თარიღი, როდიდან შეძლებენ სტუმრების მიღებას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა. ახლა, ტურიზმის სექტორისათვის, ყველაზე მნიშვნელოავნი კითხვა ისაა, რამდენხანს გაგრძელდება ჩაკეტილ საზღვრებში ცხოვრება და დაახლოებით რა წილით შეუძლია შიდა ტურიზმს ზარალის შემსუბუქება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, რა რესურსი დარჩებათ ადამიანებს მოგზაურობისა და დასვენებისათვის.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ მოლოდინი ცალსახად პესიმისტურია და ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი კონკრეტული თარიღი საიდანაც საქართველოს ცა გაიხსნება.
,,მეც ვესწრებოდი შეხვედრას და პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ მოლოდინი პესიმისტურია. ჩვენ სასტუმროების გახსნა შეგვიძლია 6 ივლისის შემდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ გავხსნით, რადგა იქამდე აუცილებელია აღდგეს მიმოსვლა. შიგა ტურიზმი გასაგებია, თუმცა ეს საერთოდ არ ეხება თბილისს. რეალურად საზღვრები თუ გაიხსნება ივლისის ბოლოს, შემდეგი წლის მაისამდე ჩვენს ბიზნესში, მოგების ნახვა შეუძლებელი იქნება. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ.
რაც შეეხება რეგიონებს, სადაც შიდა ტურიზმი უფრო აქტიური იყო, იქაც გართულდება სიტუაცია. ის, რაზეც იდგა შიდა ტურიზმი, ეს იყო ნაკადი ხალხისა, რომელიც ემიგრანტების ოჯახის წევრები იყვნენ. უცხოეთში მცხოვრები ქართველები, შვილებსა და მშობლებს ასვენებდნენ სასტუმროებში. წლევანდელი კრიზისიდან გამომდინარე, ამ ხალხის მხოლოდ 20% შეძლებს დასასვენებლად გამგზავრებას.
სამწუხაროა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი, არაფერ კონკრეტულზე. არც დროზე, არც იმაზე ჯერ რომელი საზღვრები შეიძლება გაიხსნას ან ა.შ. დღეს ყველაფერი მაინც ჯანდაცვაზეა დამოკიდებული და როგორი იქნება ეპიდემიის მასშტაბები“, - განუცხადა ალავერდაშვილმა ,,რეზონანსს“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რამდენი მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ თვითმფრინავებს და რამდენად გააძვირებს ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობა ბილეთის ფასს.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის მსგავსად, მძიმე მოლოდინი აქვს ტურისმის დეპარტამენტის ყოფილ ხელმლძღვანელსაც. მაია სიდამონიძის აზრით, სექტორის ამუშავება იმდენად დაგვიანდება, რომ ბევრი ტურისტული მიმართულება, უბრალოდ, დაიხურება.
„ვირუსის დამარცხების შემდეგ მინიმუმ ერთ წელი ფეხზე ნამდვილად ვერ დავდგებით. ბევრი კომპანია გაკოტრდება და ეს რეალური სურათია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოთ, ამისათვის დღესვე დავიწყოთ მოქმედება. ამ სფეროში ბევრს მოგვიწევს ბიზნეს მოდელის შეცვლა. მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი კომპანია შეიძლება გამოეთიშოს ინდუსტრიას, რადგან ერთი წელი შემოსავლებზე საუბარი ზედმეტია. დაფიქსირდება ზედმეტი მიწოდება და ნაკლები მოთხოვნა, რაც განაპირობებს იმას, რომ ბევრი ბიზნესი თამაშგარეთ რჩება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა საჰაერო მიმოსვლის აღდგენაა და სწორედ ამ აღდგენის სტრატეგია უნდა იყოს დროულად შემუშავებული“, - განაცხადა სიდამონიძემ.