რეზონანსი
30.04.2020

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ბრალდებულს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

როგორც კახა ხვისტანი „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, შემთხვევის დღეს დავით ცინარიძე ნასვამი იყო, მეგობრის დაბადების დღეზე დალია და მეუღლესთან მხოლოდ მცირე შეკამათება მოუვიდა. ადვოკატის თქმითვე, ყოფილ პოლიციელს იარაღიდან შეშინების მიზნით არ უსვრია და ის შემთხვევით გაუვარდა. ამასთან, ხვისტანი იმასაც აცხადებს, რომ დავით ცინარიძე მეუღლეს სიცოცხლის ხელყოფით არ დამუქრებია.

„პროკურატურის მიერ გადმოცემული საქმის მასალებით, დავით ცინარიძის მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება. სიტყვიერი შეკამათება იყო, რასაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არანაირი შემადგენლობა არ აქვს. სიცოცხლის ხელყოფით მუქარა აბსოლუტური ტყუილია - „ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი. წინმსწრებით არ მინდა ის ინფორმაცია გავცე, რისი გავრცელების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება მალე ნახავს, რომ დავით ცინარიძე ამ ბრალდებაში აბსოლუტურად გამართლდება. დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, ამას თვით მისი მეუღლეც ადასტურებს და პროკურატურას ეს ინფორმაცია საიდან მოაქვს, ჩემთვის გაურკვეველია. ნასვამი იყო, ამას თავადაც ადასტურებს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე", - განაცხადა ხვისტანმა.

მისივე განმარტებით, დავით ცინარიძესა და მის მეუღლეს შორის უთანხმოება ელემენტარულ საკითხზე მოხდა. ადვოკატის თქმითვე, მეუღლეებს შორის შეკამათებას ცინარიძის გერიც შეესწრო, რომელიც ორჯერაა გამოკითხული.

ადვოკატის თქმითვე, დავით ცინარიძე ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს თბილისის საქალაქო სასმართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×