რეზონანსი
30.04.2020

გუშინ, თემქაზე 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი „გლოვოს" კურიერს დაეჯახა.

ავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ელა ლიონიძე გარდაცვლილი ბიჭის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„გუშინ, კომენდანტის საათის ამოწურვას 15 წუთი რომ აკლდა, გლოვოს კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ხოდა ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველ დღე ვუყურებდი ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა. დიტო, ჩვენს წინ ფეხსაცმელებს კერავდა. რა უნდა გეთხოვა, რომ არ დაგხმარებოდა. სულ მომღიმარი იყო და მის მოყოლილ სასაცილო ისტორებზე გადაბჟირებები გვჭირდა ხოლმე. 33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც შვილი.

ბოლოს სკუტერი იყიდა. ამ კორონას გამო მსოფლიო რომ გაჩერდა, ფეხსაცმელებიც გაჩერდა და გლოვოში დაიწყო მუშაობა. ხოდა, იმიტომ რომ ვიღაცას სახლში მიესწრო, იმიტომ რომ ის ვიღაც ჯარიმას გადარჩენოდა და კიდევ ბევრი საჯანდაბე იმიტომ ჰქონდა ეტყობა იმ ვიღაცას, გზაზე ასე რომ მიატოვა და გაიქცა.

სამსახურში როცა დავბრუნდები, ეს ბევრ იმიტოს შეწირული ბიჭი იქ ვეღარ დამხვდება და ვეღარ გამიღიმებს. გამკაცრებული წესები ალბათ საჭიროა, მაგრამ ის, ხანდახან უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს. თუ ერთი გადაარჩინე, მაგრამ ამით ბევრს ავნე, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ წესს?" - წერს ელა ლიონიძე.

მომხდარზე საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×