გვენეტაძემ აღიარა, რომ ფასების ზრდას ვერაფერს უხერხებს და ფარ-ხმალი დაყარა
თამარ მუკბანიანი
29.04.2020

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ით შეამცირა. ზაფხულის ბოლოდან, განაკვეთის გამკაცრების ოფიციალურ მიზეზად ინფლაციის სტაბილიზაცია სახელდებოდა, თუმცა ეს რეალურად ვერ მოხერხდა. ახლა სებ-ის პრეზიდენტი საშუალოვადიან პერიოდში ფასების ზრდას ელოდება და საერთოდაც, ინფლაციის მოთოკვაზე ხელი ბოლომდე ჩაიქნია.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ  ინფლაცია იქნება მაღალი და სხვანაირად შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით უცნაურია იმ ფონზე, როცა, გაერო-ს მოხსენების მიხედვით, წელს ფასები მოხმარების შემცირების გამო დაბალი იქნება. საქართველოშიც იმპორტიც დაკლებულია და შესაბამისად - მოხმარებაც. ამასთან, ნავთობის ფასი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, რაც, თავის მხრივ, არაერთი ტიპის მომსახურებისა თუ პროდუქტის თვითღირებულებას ამცირებს. ამ ფონზე გასაკუთრებით უცნაურია სებ-ის მკვეთრად ნეგატიური მოლოდინი. 

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკი ინფლაციის მატებას ელოდება, მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე ჩამოიყვანა. კითხვას, თუ რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს ინფლაციაზე, გვენეტაძემ თქვა, რომ სები და სავალუტო ფონდი საშუალოვადიან პერიოდში მაღალ ინფლაციას პროგნოზირებენ. 

“დღეს დასრულებულია მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან და გვაქვს საკმაოდ დიდი პაკეტი, რათა სირთულეებს გავუმკლავდეთ. ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის შემცირებული. გადაწყვეტილებას ვიღებთ იმაზე დაყრდნობით, თუ რა ინფლაციას ვპროგნოზირებთ საშუალოვადიან პერიოდში. ჩვენი ვარაუდით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია იქნება მაღალი და სხვანაირად შეუძლებელია, რომ იყოს, მაგრამ შემდეგ, მოთხოვნის შემცირების შესაბამისად, იგი დაიწყებს შემცირებას და დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს. 

კურსიდან მომდინარე რისკს რაც შეეხება, ეს შემცირებულია, ჩვენ უფრო აქტიურად ვართ სავალუტო ბაზარზე წარმოდგენილი და ახალი მექანიზმიც ავამოქმედეთ. გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ეს ყველაზე კარგი ბერკეტია იმისთვის, რათა ასეთ დიდ შოკებს გავუმკლავდეთ”, - აღნიშნა გვენეტაძემ.

 

ასევე ცენტრალურმა ბანკმა გადახედა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2020 წლისთვის და გვენეტაძის უწყებაშიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 4%-იანი იქნება. 

ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ინფლაციის ზრდას არ ელოდება, თუმცა იმ ფაქტორებს აანალიზებს, რომელთა გამოც ვერც გლობალურად შემცირებული ფასები აისახება საქართველოზე. ეკონომისტი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ნეგატიური განცხადება და უარყოფითი მოლოდინის გაჩენა არასწორია.

“მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით სებ-ის გადაწყვეტილება იყო სწორი, რადგან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება აუცილებელია. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, რის წინაშეც ვდგავართ, ჩვენ მოგვიწევს ბიზნესზე დიდი აქცენტის გაკეთება, რადგან საჭირო იქნება იაფი ფული. 

არაერთხელ მითქვამს, რომ  თუ რეფინანსირების განაკვეთს ზრდი ან ტოვებ იმავე დონეზე, ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში თოკავს ინფლაციას, გრძელვადიანად კი პირიქით, უკუეფექტს იძლევა. ჩვენ ინფლაციის ისედაც მაღალი ტემპი გვქონდა და ამიტომ არ ველოდები, რომ უფრო მეტად გაიზრდება ფასები. სავარაუდოა, რომ იმავე ნიშნულზე შენარჩუნდება, ეს იქნება 6-7%. ინფლაციის სტაბილიზებას ხელს შეუწყობს ასევე შემცირებული ტურისტული ნაკადიც, რის გამოც გაცილებით ცოტა პროდუქცია გახდება საჭირო. 

მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ სებ-ის პრეზიდენტის მხირდან ასეთი ნეგატიური განცხადება აჩენს უარყოფით მოლოდინს და, უბრალოდ, არ შეიძლება, ადამიანებს დამატებით უარყოფითი განცდა გაუჩინო. ეს პანიკას ამძაფრებს და ხელსაყრელ ფონს ქმნის ფასების ზრდისათვის“, - უთხრა ,,რეზონანსს“ გერლიანმა.

ანალიტიკოს ირაკლი ყიფიანის აზრით, სასურსათო კალათაში შემავალმა პროდუქტმა  ისედაც ორნიშნა ინფლაცია განიცადა და თუ ლარი მოკლევადიან პერიოდში არ დასტაბილურდა, პროდუქციის გაძვირება გაგრძელდება. 

“რეფინანსირების განაკვეთზე პროცენტის შემცირება თავისი მოტივაციით ნიშნავს სესხების გაიაფებას მათთვის, ვისაც ლარში აქვთ ფული ნასესხები. რა გავლენა ექნება ამას საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე, დამოკიდებული იქნება იმ უცხოურ ვალუტასა და ფინანსურ რესურსებზე, რომელთა მოძიებასაც საქართველო შეძლებს, რომ ეს ფული ეკონომიკაში ჩაუშვას. პრინციპში, ამასაც კი არ ექნება დიდი ეფექტი, თუ არ  მოიხსნა შეზღუდვების ფაზა.  

საბოლოო ჯამში, ჩვენ ეკონომიკას თუ არ გავხსნით, ვერანაირი ღონისძიება ვერ დაიცავს ქვეყნის ეკონომიკას შოკებისაგან. რეალურად, ლარის გაუფასურებამ ამ პერიოდში ახალი კურსი დაადგინა - 3.20. ეს ფასებში აუცილებლად ჰპოვებს ასახვას და კომპანიები თავის რისკსფასში “დააზღვევენ". ასე რომ, შეუძლებელია, ამ პირობებში არ იყოს ინფლაცია მაღალი. სასურსათო კალათა ახლაც ორნიშნა ინფლაციით არის რეალურად და ეს კიდევ მეტად დააწვება ისედაც ღარიბ მოსახლეობას“, - განუცხადა ყიფიანმა ,,რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×