თამთა ჩაჩანიძე
29.04.2020

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო რუსეთის შეკავების რიგი პროექტების დაფინანსებას 2021 წლამდე შეაჩერებს, სანაცვლოდ კი თანხას მექსიკის საზღვართან არალეგალური მიგრანტების შესაჩერებლად კედლის მშენებლობაში დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი" ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სამხედრო ბიუჯეტიდან 545 მილიონ დოლარს გადაამისამართებს, დაფინანსების გარეშე დარჩება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილი იყო ნორვეგიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კრის შერვუდმა დააზუსტა, რომ პროექტების დაფინანსება არ გაუქმებულა, არამედ 2021 წლამდე შეჩერდა, თუმცა პროექტების დაფინანსების გასაგრძელებლად აშშ-ის კონგრესს დამატებითი თანხების გამოყოფა მოუწევს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში პრეზიდენტ ტრამპისთვის პრიორიტეტული ლათინური ამერიკიდან წასული არალეგალური მიგრანტების ტალღის შეკავებაა და ამიტომაც თანხები, პირველ რიგში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართა.

„ტრამპმა ჩათვალა, რომ ახლა ჩინეთთან ცივი ომის ფაზაში შესვლა უფრო აქტუალურია, ვიდრე რუსეთთან. რუსეთს ამჯერად საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის დარტყმის ობიექტად ნაკლებად იხილავს, ამიტომაც თანხების ოპტიმიზაცია განახორციელა. მას არალეგალური მიგრაციის ტალღის გაძლიერების უფრო ეშინია იმიტომ, რომ ამერიკაში კორონავირუსის შემდგომ პირველი გამოწვევა რაც იქნება, ესაა მექსიკიდან არალეგალური მიგრანტების ტალღის გაზრდა.

„ეს ბუნებრივიცაა, რადგან ლათინური ამერიკის ქვეყნებში პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა მიგრანტების ტალღა ამერიკისკენ დაძრას, სადაც ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ფინანსები და სახსრები გააჩნია, რომ ადამიანები მიიღოს და დააპუროს, პრინციპში, ტრამპის გადაწყვეტილებაც ესაა, რომ მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით საკომპენსაციო თანხები დაურიგოს.

„როგორც ჩანს, ტრამპმა გადაწყვიტა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა, რომლის შეჩერება საკმაოდ სერიოზული დებატების შემდეგ მოუწია. ამჯერად რუსეთისგან წამოსული საინფორმაციო ომის საფრთხე მას ნაკლებად პირიორიტეტულად მიაჩნია.

„სხვათა შორის, ჩინეთმა განცხადება გააკეთა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ამერიკული ლაბორატორიები საფრთხეს წარმოადგენსო. ჩინეთმა ამერიკას კონტრდარტყმა უკვე მიაყენა, მათ შორის ახალი ცივი ომი დაიწყო, რომელიც უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე აშშ-ს რუსეთთან აქვს. ამჯერად რუსეთის საფრთხე კორონავირუსის გამო შეიძლება იმდენი არ იყოს, თან ჩინეთმა კორონავირუსი თითქმის დაძლია, ახლა კი ცხელ ფაზაში რუსეთია და ჯერ საფრთხეს ვერ ხედავს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×