
კორონავირუსის პირობებში ექსპორტს სულ უფრო მეტი პრობლემები ექმნება. საქართველოში სახარბიელო ვითარება აქამდეც არ ყოფილა და იმპორტი ექსპორტს ყოველთვის აჭარბებდა, თუმცა ახლა ეს სხვაობა კიდევ მეტად გაიზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა.
საქართველოში ადგილობრივი წარმოება თითქმის გაჩერებულია. პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია, რადგან კორონავირუსმა ხალხში პანიკა გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში ახლა იმაზე მეტი პროდუქტის შემოტანაა საჭირო, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სავაჭრო ბალანსი გაუარესდება.
სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული სხვაობა კიდევ გაიზრდება, თუმცა არა იმდენად, რომ საგანგაშო იყოს.
“ეს გარემოება, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ როგორი მოთხოვნა იქნება ქართულ პროდუქციაზე. ჩვენ, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში გაგვაქვს საქონელი და გააჩნია, მათგან რა წინადადებები წამოვა. ზოგადად ექსპორტიც დაიკლებს და იმპორტიც, ეს მარტის თვეში შეეტყო კიდეც, მაგრამ მგონია, რაიმე ისეთი კატასტროფული ცვლილება არ მოხდება. დაახლოებით, პლუს-მინუს 10-15%-ით გაიზრდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, თუმცა ჩვენთვის ესეც პრობლემაა.
საერთოდ, ახლა ძალიან ცუდი პერიოდია. ამუშავება ყველაფერს გაუჭირდება, მით უფრო - წარმოებას. ზოგადად, საწარმოები რთულად ასამუშავებელია, განსახვავებით მომსახურების სფეროსგან”, - განუცხადა “რეზონანსს” გივი მომცელიძემ.
კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებამ ორივე მხრივ დრამატული სურათი შექმნა, განსაკუთრებით კი - ექსპორტის ნაწილში. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია, ვაჭრობა გამოცოცხლდეს, რაც ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
“ჩემი აზრით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის ექსპორტსა და იმპორტს შორის, რაც არ უნდა დიდი უფსკრული იყოს. ორივე შემთხვევაში ხდება ვაჭრობა და მომგებიანია. იმპორტიც და ექსპორტიც თანაბრად მნიშვენელოვანია ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ისე ფინანსურად და ა.შ. ამიტომ, ნებისმიერი აზრი, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ექსპორტი ცოტაა და იმპორტი - ბევრი, არასწორია.
რაც შეეხება იმ უარყოფით სავაჭრო საზომს, რომელიც გროვდება, უნდა ივსებოდეს სხვადასხვა წყაროთი, რომელიც, პირველ რიგში, უნდა იყოს ინვესტიცია. თუ გვინდა, ჯანსაღი ეკონომიკური გარემო გვქონდეს, არ შეიძლება, მარტო სავაჭრო ბალანსზე ვიზრუნოთ. ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო უნდა გვქონდეს. რაც შეიძლება მეტი დოლარი უნდა მოვიზიდოთ.
მთავრობას ხშირად აქვს ასეთი აზრი, რომ ექსპორტი წავახალისოთ და იმპორტი შევზღუდოთ, რაც არასწორი მიგდომაა, რადგან ამით აზარალებს მოსახლეობას, მათ მსყიდველობით უნარს, შემოსავლებს და მთლიანად ქვეყანას.
ადგილობრივი წარმოება არ არის წმინდა ძროხა. წარმოების გარდა, საქართველოში არის ადგილობრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აქ და მოიხმარენ პროდუქციას.
არანაირი ადგილობრივ წარმოებაზე, სამწუხაროდ, აზრი არ აქვს საუბარს, სანამ ეს წარმოება არ შეეხება ყველას. ამიტომ ნებისმიერი რაღაცის შეზღუდვა, პირველ რიგში, ახეირებს მსხვილ მეწარმეს, უარყოფით გავლენას ახდენს ფასზე, ხარისხზე და მომხმარებელი მით უფრო მეტად ზარალდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ზვიად ხორგუაშვილმა.