
ჩვენ უკვე ვიცით, რომ covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. არადა, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ის საზოგადოების დამაპანიკებელ პროგნოზს აკეთებდა, როდესაც ამბობდა, რომ დაახლოებით 9 მაისისთვის საქართველოში 5000-მდე დაინფიცირებული იქნებოდა, ხოლო ერთ დღეში ასეულობით ადამიანი დაავადდებოდა. მინისტრმა რამდენიმე დღეში შეცვალა რიტორიკა და ახლა ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია, თუმცა ადრე გაკეთებული შემაშფოთებელი პროგნოზების გამო ბოდიში არ მოუხდია.
„ყოველ დღე ვაკვირდებით მონაცემებს, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი რეალურ დროში და რა არის მისი გავრცელების კოეფიციენტი. ამ ეტაპზე, ეს კოეფიციენტი არის ერთზე დაბალი, რაც იმის ვარაუდს გვაძლევს, რომ შემდეგი კვირის მანძილზე მოლოდინი ძალიან მკვეთრი ცვლილების არ გვაქვს, თუმცა გარკვეული გარემოებები არსებობს, რის შემდეგადაც ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მზადყოფნაში, რათა მაისის შუა რიცხვებისთვის გვქონდეს გარკვეული ზრდა, თუმცა იმავდროულად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის.
თქვენ იცით, რომ ჩვენ აპრილის ბოლოს ვსაუბრობდით რამდენიმე ასეული პაციენტის დაინფიცირებაზე ერთ დღეში, დღეს ეს პროცესი მართვადია და ვთვლით, რომ ჩვენი მონაცემები კვლავ დარჩება მხოლოდ ათეულობის ფარგლებში. დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი არის ერთზე დაბალი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ თითქმის მტკიცებულებებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი კონკრეტულად 9 მაისისთვის არ გვეყოლება", - განაცხადა ეკატარინე ტიკარაძემ.