“ინვესტორებს გააქვთ თანხები. ისინი ამით მოგებას ვერ ნახავენ, მაგრამ ცდილობენ, სანდო ადგილებში შეინახონ"
თამარ მუკბანიანი
28.04.2020

კორონავირუსის პანდემიის დროს, საქართველოდან და ზოგადად რეგიონიდან, იმაზე მეტი კაპიტალის გადინება ხდება, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალურად განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება 90 მილიარდ დოლარს შეადგენს. ,,რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებით უცნაურია იმ ფონზე, როცა ყველა ქვეყნის ეკონომიკა, ფაქტობრივად, ერთნაირად რეცესიაშია და თანხის დაბანდებისათვის ხელსაყრელი გარემო არსადაა. 

ვითარების დრამატულობას ადასტურებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი ინფორმაციით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან კაპიტალის გადინება ბევრად უფრო დიდი მასშტაბისაა, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო. სებ-ის პრეზიდენტის აზრით,  საქართველოს მიერ დაგროვებულ სავალუტო რეზერვებს ამგვარი კრიზისის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების გასაზრდელად დგამდა ნაბიჯებს. მისი გამოყენება სწორედ ამგვარ ვითარებაშია მნიშვნელოვანი. ზოგჯერ, რეზერვების ზრდის გამო, ეროვნული ბანკი კრიტიკის სამიზნეც გამხდარა, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ მისი მოცულობა უნდა გაგვეზარდა. რეგიონის ქვეყნებმა, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, იხილა კაპიტალის გადინება და მისი მასშტაბები არის ბევრად დიდი, ვიდრე საქართველომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა.

დაგროვილი საერთაშორისო რეზერვები კი გვაძლევს საშუალებას, პერიოდულად მოვახდინოთ სავალუტო ინტერვენციები და ამ გზით შევამციროთ როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე ფასების სტაბილურობის მიმართ არსებული რისკები”, - განაცხადა გვენეტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალურად განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება 90 მილიარდ დოლარს აღწევს.

ფინანსისტი, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ ხომიზურაშვილი ,,რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა, როცა მთელ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ეკონომიკა გაჩერებულია, თანხის გადინების ერთადერთი ლოგიკა ისაა, რომ შესაძლოა, ინვესტორებს თავიანთი კაპიტალი ოფშორულ ზონებში გადაჰქონდეთ. 

“ერთია, რომ ადამიანებს დეპოზიტებიდან გააქვთ თანხები, რათა თავი გადაირჩინონ, მეორე მხრივ კი კაპიტალის გატანასთან გვაქვს საქმე. არადა, მისი სხვაგან დაბანდება ამ ვითარებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ახლა არ არსებობს სხვა ალტერნატივა ან ადგილი, რომ უფრო მშვიდად იყო. ყველა ქვეყანაში ერთნაირი ვითარებაა. 

2008 წლის ომის დროს საქართველოდან კაპიტალის გადინება იყო სრულიად ბუნებრივი, რადგან ლოკალურად ჩვენთან მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იყო სიმშვიდე. ახლა კი, როცა პანდემია მძვინვარებს, ყველგან არასახარბიელო მდგომარეობაა. ალბათ აბანდებენ ოფშორულ ზონებში, რომელიც საერთოდ არის კრიზისის დროს გადამისამართების საშუალება. ამ შემთხვევაში ეს არის ერთადერთი ლოგიკა. 

რეალურ ციფრებზე უფრო კონკრეტულად მას შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, როცა პანდემია ჩაივლის და სრული სურათი გვექნება. ისე კი, ვერც კაპიტალი და ვერც ინვესტიციები ვერ გავა რუსეთში, ევროპაში ან ამერიკაში, ახლა ყველგან ეკონომიკური სტაგნაციაა. ერთადერთი, სადაც შეიძლება ერთგვარი ბუფერი იყოს, ოფშორული ზონებია“, - განაცხადა ხომიზურაშვილმა. 

“ახლა საუკეთესო დროა ფულის ქვეყნიდან გასატანად”, - ასე აფასებს არსებულ რეალობას აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე. 

,,ზუსტი თანხები და რიცხვები არ მინახავს, თუმცა გადინების ყველაზე დიდი მასშტაბი აზერბაიჯანიდან იქნება, რადგან იქ არის თავმოყრილი ყველაზე დიდი კაპიტალი. კრიზისს ზოგადად აქტივობის შეჩერება ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ომი არ არის, არავინ ახორციელებს თანხის დაბანდებას, პირიქით, მდიდარ ადამიანებს გააქვთ თანხები. ისინი ამით მოგებას ვერ ნახავენ, მაგრამ ცდილობენ, სანდო ადგილებში შეინახონ. ამ რეიტინგში ნამდვილად არ ვართ არც პირველი და არც ბოლო. ასე რომ, რაც უფრო დიდია თანხა, მით მეტია მოტივაცია, ის კარგად და საიმედოდ შეინახო. ამ შემთხვევაში ეს ან მსოფლიოს წამყვანი ბანკებია, ან კიდევ - ოფშორული ზონები. შედეგი ის არის, რომ ამ რეცესიის დროს ,,საუკეთესო მომენტია" თანხების გასატანად და სტაგნაციისათვის. 

საქართველოსთვის ყველაზე მეტად უარყოფითი მომენტი ისიცაა, რომ ამით მკვეთრად უფასურდება ეროვნული ვალუტა. კარგი იქნებოდა, სებ-ის პრეზიდენტს უფრო დეტალურად ესაუბრა და ეთქვა, რამდენი მილიონი გავიდა კონკრეტულად ქვეყნიდან. ამით უფრო მარტივი გახდებოდა შეფასება, როგორ აისახება სამომავლოდ ეკონომიკასა და ლარზე არსებული ტენდენცია“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ აკადემიკოსმა. 

პანდემიის დაწყების მომენტში ლარი დოლართან მიმართებით 2.77-ის ნიშნულზე იყო, ახლა კი მისი ღირებულება 3.20-ის ფარგლებშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×