ეს არის 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის შედეგი, რომელიც სასწრაფოდ გასაუქმებელია
ნინა გარდაფხაძე
28.04.2020

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ადგილობრივი სურსათი ძალიან ძვირია, ამ დროს კი რეგიონებში გლეხები საკუთარ ნაშრომს მინიმალურ ფასადაც ვერ ყიდიან. ეს არის ქალაქების ჩაკეტვის შედეგი, რომელიც მთავრობამ, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, არ გააუქმა და დიდი პრობლემა შეუქმნა როგორც მწარმოებელ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომყვან ხალხს, ასევე - მომხმარებლებსაც.

რეგიონებიდან ადგილობრივი ფერმერების პროტესტის პირველი სიგნალი მარნეულიდან იყო, სადაც მოსახლეობამ უკმაყოფილება აქციით გამოხატა, რა დროსაც  კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებული საფრთხე შეიქმნა. ხელისუფლებას ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემა, ასე თუ ისე, მოგვარდა. მარნეულის შემდეგ, ბოსტნეული და ბაღჩეული კახეთსა და იმერეთში დამწიფდება და სწორედ იქაურებს შეექმნებათ რეალიზაციის პრობლემა. 

წელს, როგორც ჩანს, საგაზაფხულო სეზონი საკამოდ უხვმოსავლიანია, მაგრამ ეს არაფერს და არავის არ ეტყობა. იმის გამო, რომ მოსახლეობა პროდუქტის რეალიზებას ვერ ახერხებს, რეგიონებში ხილ-ბოსტნეული და ასევე, რძის ნაწარმიც ძალიან იაფი ღირს, ამ დროს დიდ ქალაქებში სურსათის დეფიციტისა და აგრობაზარობების დახურვის გამო, პირიქით, ფასი წარმოუდგენლად მაღალია. 

რძის პროდუქტების ფასთა სხვაობაზე უყვება “რეზონანსს“ ზვიად ბერიძე. მისი თქმით, ყველი, რომელიც თბილისში 12-14 ლარი ღირს, ქვემო ქართლში, დმანისსა და თეთრიწყაროში გლეხებისგან სულ რაღაც 7 ლარად შეიძინა. 

“იმის გამო, რომ მოსახლეობა თბილისში აგროპროდუქტის ჩამოტანას ვერ ახერხებს, ორჯერ ან მეტჯერ ნაკლებია ჩასაბარებელი ფასი.  გასულ დღეებში, ახლობელს ვესაუბრე, რომელმაც შემომჩივლა, რომ ყველის რეალიზაციას ვეღარ ახერხებს და თქვა, რომ გაცილებით ნაკლებ ფასშიც გაყიდდა. დავინტერესდი, რამდენი შეიძლება ყოფილიყო ეს გაცილებით ნაკლები და გავოცდი, როცა თქვა, რომ 7 ლარად ყიდის ყველს, რომელიც თბილისში 12-14 ლარი ღირს. რა თქმა უნდა, შევიძინე და ასევე შევუთანხმდი კიდევ ერთ გლეხსაც, მაგრამ მე ხომ არ შემიძლია, დიდი ოდენობით შევისყიდო მათი პროდუქტი.

მართლა ვერ ვიგებ და არ მესმის, ახლა, როცა საქმიანობის უდიდესი ნაწილი გაჩერებულია, რატომ უნდა მიამატო ხელოვნურად რომელიმე დარგი ან თუნდაც მხოლოდ ადამიანთა კატეგორია, რომელიც სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს“, - აღნიშნა ზვიად ბერიძემ. 

პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვთ კახეთის რეგიონშიც. ადგილობრივების თქმით, ათეულობით ტონა ლაგოდეხის კიტრი სათბურებში ნადგურდება და ამას სხვა პროდუქციაც მიჰყვება, რადგან სულ მალე დამწიფდება მარწყვი, ატამი და სხვა ხილიც. 

საგარეჯოს მკვიდრი მირიან ტაბატაძე ამბობს, რომ შეზღუდვა თუ 22 მაისამდე გაგრძელდება და ამასობაში თბილისი არ გაიხსნება, მათი პროდუქციის რეალიზაცია საერთოდ შეუძლებელი იქნება, რადგან სადისტრიბუციო კომპანიების ჩასაბარებელი ფასი ძალიან დაბალია. 

“სულ მალე ჩვენთანაც დამწიფდება მარწყვი, ატამი, სხვა ხილი. კიტრი და პომიდორი უკვე შემოდის. თუ მაისის ბოლომდე იქნება ეს შეზღუდვა და კიდევ 3-4 კვირა გაგრძელდა, ჩათვალეთ, რომ ჩვენი მოსავალი მთლიანად გადასაყრელი იქნება. ადგილზე რეალიზაციას რა აზრი აქვს, ვერც კი ვხვდები. ლაგოდეხში კიტრს  სეზონის ამ დროს 70 თეთრად აბარებენ და იგივე პროდუქტი თბილისში 2 ლარი ღირს. ასე იქნება დანარჩენ ყველაფერზეც, ამიტომ არ გვიღირს“, - განუცხადა ადგილობრივმა “რეზონანსს“. 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი ადასტურებს, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა ართულებს პროდუქციის რეალიზაციასა და ასევე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. გლეხებს სოფლებში მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ, ხოლო ქალაქელებს - მისი შეძენის.

„ხომ ხედავთ, მარნეულიდან კიტრი ვერ შემოაქვს ხალხს. 5 ტონა კიტრი მხოლოდ ერთ ფერმერს გაუფუჭდა და ნახეთ, რა ღირს „კარფურსა“ და „გუდვილში“. ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს, ის, ალბათ, უახლოეს ხანში გადაადგილდება რეგიონებში, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა იქნება. ყველაზე მეტად ღარიბებს დააწვათ ტვირთი, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ არსებობს. ახლა თითქოს შემოიღეს ადგილობრივ საკრებულოში, რწმუნებულთან თუ მივა ადამიანი, ის მისცემს დასტურს გადაადგილებისთვის, მაგრამ მარნეულში, ბოლნისში უყურებენ ტელევიზორს? ფერმერს სად სცალია ტელევიზორის საყურებლად, ის ხომ დღე და ღამე მუშაობს. ამიტომ სასურველია, საქალაქთაშორისო გადაადგილება დროულად აღდგეს, თორემ გამოდის, რომ სოფლებში გლეხები ვეღარ ახერხებენ მოსავლის რეალიზაციას, ხოლო ქალაქელები - ქართული აგროპროდუქტის შეძენას“, - აღნიშნა “რეზონანსთან" საუბრისას მესხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×