თამთა ჩაჩანიძე
28.04.2020

სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც 2014 წელს დონბასში მალაიზიის კუთვნილი ბოინგ MH17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებს, დანაშაულის მთავრი ფიგურანტი დაასახელა, რომელიც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის, ე.წ. ფეესბეს, მოქმედი გენერალია. ამის შესახებ ბიბისის რუსული ბიურო იუწყება.

გამოცემა საგამოძიებო ჯგუფის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საქმეში გენერალი ფსევდონიმ „ვლადიმირ ივანოვიჩით" ფიგურირებს, რომლის უკანაც შესაძლოა, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი ბურლაკა იდგეს, რომელიც რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილეა. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ჟურნალისტურმა ჯგუფმა „ბელინგკატმაც" დაადასტურა.

„ბიბისი" წერს, რომ გამომძიებლების მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა „ვლადიმერ ივანოვიჩს" აღმოსავლეთ უკრაინის ყველა ოპერაციის მეთაური უწოდეს. ამასთან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იგორ სტრელკოვმა განაცხადა, რომ იგი „ვლადიმირ ივანოვიჩის" ბრძანებებს ემორჩილებოდა.

მან ჟურნალისტებთან სატელეფონი საუბრისას განაცხადა, რომ სახელი ანდრეი ბურლაკა ეცნობა, თუმცა ჟურნლისტის მიერ ფსევდონიმ „ვლადიმირ ივანოვიჩის" ხსენებისას განაცხადა, რომ ეს სახელი უკრაინული ბოინგის საქმეს უკავშირდება და დასძინა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინული ბოინგი არ ჩამოუგდიათ.

პუბლიკაციის წყარომ, რომელსაც მონაცემთა ბაზაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს, გაარკვია, რომ გენერალი ანდრეი ბურლაკა ავიაკატასტროფის დღეს რუსეთის სამხრეთით, ქალაქ დონის როსტოვში იმყოფებოდა.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, 2014-2015 წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, ბურლაკამ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - რუსეთის გმირის წოდება მიიღო. „ბიბისიმ" ჯილდოს გადაცემის ბრძანებას ვერ მიაგნო, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, დოკუმენტი დახურულია.

რუსული წყაროების ცნობით, ანდრეი ივანოვიჩ ბურლაკა ხაბაროვსკში დაიბადა, სწავლობდა სასაზღვრო სკოლაში და მსახურობდა ცენტრალურ აზიაში, შემდეგ კი ფსბ-ს აკადემია დაამთავრა. 2007 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით იგი ფსბ-ს სახალინის სასაზღვრო განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ კი მოსკოვში გაიწვიეს.

„ბოინგ 777"-ის რეისი MH17, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა, პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის თავზე რუსული წარმოების „ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. აფეთქების შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი, სულ - 298 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×