
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან დღეს კლინიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს, რომელიც პაციენტების მკურნალობას ეხება.
როგორც შეხვედრის შემდეგ ცერცვაძემ განაცხადა, არსებული სტატისტიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტების მოვლა სწორია.
„ზოგადად, საქართველოს აქვს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან კარგი მდგომარეობა. სულ 516 პაციენტი არის. კიდევ უფრო კარგი მდგომარობაა გარდაცვლილი პაციენტების რიცხვის მაჩვენებლით, სულ ექვსი გარდაცვლილი პაციენტია, რაც საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლა სწორია.
ქვეყანაში მკურნალობა ხორციელდება ათ კლინიკაში, ერთიანი მიდგომითა და ერთიანი სქემით, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან „კოვიდი" ძალიან მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია და ძალიან ბევრი ისეთი თვისება და ისეთი გართულება აღმოაჩნდა, რაც აქამდე არ იყო ცნობილი მსოფლიოში ექიმებისთვის. ამიტომ გვიწევს, გზადაგზა მივიღოთ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ძალიან დიდი წარმატებით", - განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, გაიდლაინში მოხდა თუ არა ცვლილება ძირითადი მედიკამენტის - „პლაქვენილის" თვალსაზრისით, ეს ცვლილება არ მომხდარა.