
უმუშევრად დარჩენილ ათასობით თვითდასაქმებულს კომპენსაციის მიღება გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, ისინი საერთოდ დარჩნენ სოციალური შეღავათის მიღმა, რადგან არსად არიან აღრიცხული და შემოსავლების დადასტურების შესაძლებლობაც არ აქვთ. ვინ და როგორ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას ჯერრ ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, შეუძლებელი იქნება კორუფციის რისკის აცილება, რაზეც ეკონომისტები ღიად საუბრობენ. როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც გაჩნდებიან ადამიანთა მცირე ჯგუფები, რომლებიც დოკუმენტაციის გაყალბებას მოახერხებენ.
თვითდასაქმებულთა უმეტესობა დედაქალაქში სხვადასხვა პოზიციზე მომუშავე მოქალაქეებია, ნაწილიც - რეგიონებში, მათ შორის სხვადასხვა სამუშაოზე სეზონურად დასაქმებული პერსონალი, რომელებსაც ახლა სახლში დარჩენა მოუწია.მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დახმარების მიმღებთათვის პროცედურების გამარტივებას ცდილობს, თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს ელემენტარული პირობის დაკმაყოფილებაც კი გაუჭირდება. პირველ რიგში კი საქმიანობის სფეროს იდენტიფიცირება არის აუცილებელი, რა მხრივაც დიდი პრობლემაა.
როგორც ცნობილი გახდა, არაფორმალურ სექტორში დასქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ. აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია. პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.
რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცედურა მაქსიმალურად გამარტივდება და დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი.
ბიზნესსამართლის ექსპერტი და ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს, რომ რეალურ სექტორში უამრავი მოქალაქეა, რომლებიც შემოსავლების დასასტურებას ვერ შეძლებენ, რაც დახმარების მიღების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თვითდასაქმებულებიდან კომპენსაციის მიღება გაუჭირდებათ ისეთ ფიზიკური პირებს, რომლებიც შესაძლებელია საგადასახადო კოდექსის მიღმა ეწეოდნენ საქმიანობას, ჰქონდათ შემოსავალი და კორონავირუსის გამო დაკარგეს.
,,რეალურ და სააღრიცხვო სექტორში თვითდასაქმებულებზე რომ ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება რეპეტიტორები, სოფლებში მომუშავე ექთნების ნაწილი, რომელიც მოსახლეობას გარკვეული გასამრჯელოს მიღების მიზნით ემსახურებოდა, ასევე დამოუკიდებელი მაკლერები, ხელოსნები, ხატვის მასწავლებლები, რომლებიც კერძო გაკვეთილებს ატარებდნენ, ძიძები, ოჯახის დამხმარეები, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც ტურისტებს უწევდნენ მომსახურებას, ავტოსადგომებზე მომუშავეები, ე.წ. ,,სტაიანშჩიკები“, რომლებიც არ იხდიდნენ გადასახადს. რეალურ სექტორში ასეთი ადამიანების დიდი კატეგორიაა. მთავრობამ როგორმე უნდა მოახვედროს სიაში ეს ხალხიც და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მათზეც გასცეს.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ განაცდურის ანაზღაურება მიიღონ. შეიძლება, 300 ლარი დიდი თანხა არ არის, მაგრამ შეღავათია ოჯახებისთვის, რომლებსაც შემოსავალი დაკარგული აქვთ. იმის გამო, რომ თვითდასაქმებულების ნაწილი არსად აღრიცხული არ არის, არ უნდა დაიჩაგრონ, ამიტომ მთავრობამ მათი მდგომარეობა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანალიტიკოსმა.
გარდა იმისა, რომ ადამიანები შეიძლება კომპენსაციის გარეშე დარჩნენ, დიდია კორუფციის რისკიც, რაზეც ყურადღებას ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამახვილებს. არ არის გამორიცხული, ისეთი სიტუაცია მივიღოთ, როგორც ხდებოდა დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით, რომლის მიღება არაკეთისინდისიერი გზით ბევრმა შეძლო და მაშინ ამ პროცესის კონტროლი რეალურად შეუძლებელი გახდა.
,,უმუშევრობის კომპენსაციის გაცემისას კორუფციის რიკის მაღალია. არის ალბათობა, რომ დახმარება ვერ მიიღოს მან, ვინც სინამდვილეში თვითდასაქმებული იყო, ეწეოდა საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, რომელიც ეპიდემიის გამო დაკარგა. ამ დროს შეიძლება, შეღავათი მიიღოს მან, რომელიც არ ჯდება დახმარების მიმღებთა კატეგორიაში, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაციებზე ხელი მიუწვდობოდეს. ასეთი ჯგუფებიც კი შეიძლება ჩამოყალიბდეს. ამის რისკი საკმაოდ მაღალია.
თვითდასაქმებულებს საბუთების მოწესრიგება ძალიან გაუჭირდებათ. მაგალითად, თუკი ადამიანი ხელოსანია, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ უნდა შეძლოს თავისი საქმიანობის დადასტურება, თავის კლიენტებს ხომ არ ჩამოუვლის და ხელმოწერებს ხომ ვერ შეაგროვებს?! ფაქტია, რომ მას ძალიან მცირე ან თითქმის არ აქვს შანსი, რომ კომპენსაცია მიიღოს.
სხვადასხვა სფეროში ათასობით თვითდასაქმებულია და სად უნდა ამტკიცონ მათ, რომ შემოსავალი ჰქონდათ. რეგიონებში თვითდასაქმებულების იდენტიფიკაცია ასევე დიდ სიძნელეს წარმოადგენს. თანაც, ისიც საკითხავია, დოკუმენტაციების ჩასაბარებლად სიარული უღირთ თუ არა“, - განუცხადა რამაზ გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
ეკონომისტის შეფასებით, უმუშევრობის კომპენსაცია უნდა ყოფილიყო მარტივი პროცედურა და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც ვერ მოხერხდა.
,,მნიშვნელოვანია ვინ უნდა გასცეს დოკუმენტი, ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. როგორც აღვნიშნე, შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯგუფი, რომელსაც აქვს რაღაც გავლენა, ისინი მოაგროვებენ ხალხს და შეადგენენ სიას, როგორც ეს ხდებოდა დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით. ამ პროცესის გაკონტროლება არ იქნება მარტივი. ვისაც ნამდვილად ეკუთვნის, შესაძლოა, მან ვერ მიიღოს და ამ დროს სხვადასხვა მაქინაციებით ვიღაცებმა ისარგებლონ. საკმაოდ რთულად გასაკონტროლებელი პროცესია, რადგან დიდი კორუფციული შემთხვევებისგან მთავრობა დაზღვეული ვერ იქნება“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას რამაზ გერლიანმა.