რეზონანსი
27.04.2020

ონლაინ პორტალი, რომლის საშუალებითაც იმ თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდება, ვინც მთავრობისგან ერთჯერად, 300- ლარიან დახმარებას მიიღებენ, 15 მაისისთვის ამუშავდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, იმ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, ონლაინ პორტალი იქმნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. „პორტალი ამუშავდება 15 მაისისთვის და თვითდასაქმებულებს საკმარისი დრო მიეცემათ, რომ რეგისტრაცია გაიარონ და შესაბამისი საბუთები ატვირთონ. ეს პორტალი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება გახსნილი, თუმცა ეტაპობრივად დაიწყება გადარიცხვები მაისის ბოლოდან", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ და ხაზი გაუსვა, რომ ერთჯერად, 300- ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ. რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ თანხების ჩარიცხვა 20 მაისის შემდეგ დაიწყება. „მათ არანაირი დამატებითი საბუთების შევსება არ სჭირდებათ. მათ შესახებ დამსაქმებელი აწვდის ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს. მათ თანხა საბანკო ანგარიშის ნომერზე ჩაერიცხებათ", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×