
ამჟამად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ადამიანები, ვინც COVID-19 დაამარცხა და ანტისხეულები გამოიმუშავა, ხელმეორედ ინფიცირებისგან დაცულია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს. ეს განცხადება რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას მოჰყვა, რომელიც ე.წ. "იმუნიტეტის პასპორტების" გაცემას ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი გამოჯანმრთელებულებს თავისუფლად გადაადგილების, მოგზაურობისა ან სამსახურში დაბრუნების უფლებას აძლევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში SARS-CoV-2-ისგან დაცვის ეფექტურობა სამეცნიერო კვლევებით ჯერ დადგენილი არ არის.
"საკმაოდ ძლიერი იმუნური პასუხი ყველა გამოჯანმრთელებულში არ არის ფორმირებული, ზოგიერთ გამოჯანმრთელებულს კი სისხლში გამანეიტრალებელი ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე აქვს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ მსგავსი "პასპორტებისა" და სერტიფიკატების არსებობა მათ მფლობელს უსაფრთხოების ყალბ ილუზიას შეუქმნის და ისინი სპეციალისტების რეკომენდაციებს აღარ დაიცავენ, რაც დაავადების გავრცელების რისკებს ზრდის.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის მიხედვით ამ დოკუმენტების შემოღების იდეა ნაჩქარევია, თავად ტესტების უზუსტობაა.
"ამჟამად გამოყენებული, ანტისხეულების დამდგენი ტესტები დამატებით შემოწმებას საჭიროებს, რათა მათი სიზუსტე და სანდოობა დადგინდეს", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
ასევე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ტესტების მეშვეობით შეუძლებელია ახალი ტიპის კორონავირუსზე იმუნიტეტის სხვა კორონავირუსებისგან განსხვავება. აქედან ოთხი პოპულაციაში საკმაოდ გავრცელებულია და მსუბუქ გაციებას იწვევს.
"ასეთი კორონავირუსებით ინფიცირებულ ადამიანებს ანტისხეულები უჩნდებათ, რომელიც ურთიერთმოქმედებაში მოდის ანტისხეულებთან, რომელიცSARS-CoV-2-ის შემთხვევაში გამომუშავდება", - აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.