რეზონანსი
25.04.2020

მიზნობრივი ტესტირება არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ, რომ მაქსიმალურად ადრე გამოვავლინოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნია აცხადებს, რომ ტერმინი მიზნობრივი ტესტირება უფრო ზუსტია, ვიდრე აგრესიული ტესტირება.

„დღეს ამ თემამ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პირველი, რაც მინდა, გთხოვოთ, რომ შევთანხმდეთ განმარტებებზე და აგრესიული ტესტირება ჩავანაცვლოთ მიზნობრივი ტესტირებით, რადგან ეს არის ტერმინი, რომელიც უკეთესად აღწერს იმას, რაც ხდება. ამ შემთვევაში, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ტესტირებასთან იმ ჯგუფში, რომელსაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული მაღალი რისკი აქვს."

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ადამიანები ინფიცირებულთან დაკავშირებულ კლასტერში მყოფი პირები არიან.

„ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებთან აუცილებელია მიზნობრივი ტესტირება. ასეთი ტესტირება ტარდება ასევე იმ მიზნობრივ ჯგუფებში, ვისაც აქვს ყოველდღიური ალბათობა, რომ იყოს შეხებაში ინფიცირებულ ან დაავადებულ ადამიანებთან, როგორიც არის მაგალითად, სამედიცინო პერსონალი, პატრულის თანამშრომლები და სხვა პირები, რომლებიც დახურულ სივრცეებში მუშაობენ.

ამდენად, მიზნობრივი ტესტირება ეს არის ჩვენი სტრატეგია, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ადრე გამოვავლინოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების დონეზე, მარნეულისა და ბოლნისის მაგალითზე ტესტირება ჩატარდა იმ ჯგუფებში, ვინ იყვნენ უკვე კონტაქტში გამოვლენილ შემთხვევებთან.

„ეს იყო საკმაოდ დიდი კლასტერი და ამ აქტიური მიზნობრივი ტესტირების შედეგად მოხდა ყველა იმ ინფიცირებულის დროული და სწრაფი იდენტიფიცირება, რომელიც შემდეგ გახდებოდა დაავადების გადამტანი. ამდენად, ეს არის ძალიან თვალსაჩინო შედეგი ამ მიზნობრივი ტესტირების, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სამომავლოდაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×