რეზონანსი
25.04.2020

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ვერავითარ სიკეთეს მოიტანს და ამის გაკვეთილი ქართველმა ხალხმა მიიღო", ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

ირაკლი კობახიძე შეახსენებს უკრაინელ მეგობრებს, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ.

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, ამის გაკვეთილი უკრაინამაც მიიღო, თუმცა როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მეორედ არ შემობრუნებოდნენ გადაწყვეტილებას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც მეგობრის ვალია, შევახსენოთ უკრაინელ მეგობრებს, რას ნიშნავს სააკაშვილის აქტიური ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში, რას ნიშნავდა ეს საქართველოსთვის და რას შეიძლება ის ნიშნავდეს უკრაინისთვის.

შევახსენებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს იმას, თუ რა შედეგები გამოიწვია საქართველოს პოლიტიკაში სააკაშვილის ყოფნამ - დაწყებული სოციალური და ეკონომიკური საკითხებით, დამთავრებული ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტის რუსეთისთვის ჩაბარებით. შესაბამისად, ამ გაკვეთილიდან გამომდინარე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმაც უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.

მეც მქონდა პირადად კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, მე მაქვს ურთიერთობა სხვადასხვა დეპუტატთან, მათ შორის მათთან, ვინც საპარლამენტო ასამბლეებში არიან წარმოდგენილი და მათ საკმაოდ გაგებით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×