ტატა შოშიაშვილი
25.04.2020

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ეკლესიაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და სსრკს ყოფილი ლიდერის, იოსებ სტალინის მოზაიკური გამოსახულებები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკლესიის წინამძღვარმა, კლინის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეკლესიის კედლებზე ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების გამოსახვა ძველი რუსული ტრადიციაა.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და შოიგუს გარდა ეკლესიის კედელზე გამოსახული იქნებიან რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, „ფე-ეს-ბე"-ს დირექტორი ალექსადრე ბორტნიკოვი და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი.

ეკლესიაში ორი მოზაიკა მოზაიკა იქნება. ერთ-ერთს „2014 წლის ყირიმის უსისხლოდ შემოერთება" ჰქვია და მასზე გამოსახულები იქნებიან ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

რაც შეეხება სტალინც, მისი პორტრეტი გამოისახება მოზაიკაზე, რომელსაც „გამარჯვების აღლუმი" ჰქვია და მასზე 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ჩატარებული აღლუმია გამოსახული.

ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარემ, დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა განაცხადა.

მეუფე სტეფანემ კი განმარტა, რომ იმ ეკლესიაში, რომელიც დიდ გამარჯვებას ეძღვნება, შეუძლებელია აღლუმის მოზაიკა არ იყოს. მისივე ცნოით, ეკლესიის კედლებზე ასევე გამოსახული იქნებიან მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე საბჭოთა პარტიზანები. ასევე 1812 წლის ბოროდინოს ბრძოლაც აისახება და იმ პირების სახეების, რომლებიც რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სხვადასხვა ბრძოლაში.

დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა აღნიშნა, რომ მათი გეგმები თავად პუტინთან და შოიგუსთან შეთანხმებული არ ყოფილა და პრეზიდენტსა და მის რჩეულ მინისტრს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათი პორტრეტები გამოისახებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესიის კედლებზე.

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

„სამწუხაროდ, არ ვიცი ეკლესიის კედლებზე რა გამოსახულებებია. შესაბამისად, არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს", - თქვა პესკოვმა.

ეკლესიის მშენებლობის შესახებ თავდაცვის სამიანისტრომ 2018 წელს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სიმაღლით ტაძარი რუსეთის მართლამდიდებელ ტაძრებს შორის მესამე ადგილს დაიკავებს. პირველ ადგილზე მოსკოვის მაცხოვრის ტაძარია, რომელიც 103 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო მეორეზე კი სანქტ-პეტერბურგში მდებარე წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარი, რომელიც 101,5 მეტრის სიმაღლისაა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესიის გახსნა 2020 წლის 9 მაისს იგეგმება და სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს მიეძღვნება.

კალინინის განმარტებით, „2014 წლის ყირიმის უსისხლოდ შემოერთება" საკმაოდ უმნიშვნელო ადგილს იკავებს ეკლესიაში და იქ გამოსახული არიან ის პირები, რომლებიც უშუშალოდ იღებდნენ გადაწყვეტილებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×