
„დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება"- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია - 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში - 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან ასეთი დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება და დინამიკაში დავაკვირდებით და ვნახავთ აქედან", - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან 4 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.
„25 პაციენტიდან ჩვენთან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან 2 მოზარდია - 7 ბავშვი გვყავდა, კიდევ 2 დაგვემატა და 9 მოზარდი გვყავს. ამ ორი მოზარდის მდგომარეობა არ არის მძიმე, მსუბუქი სიმძიმით არიან. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა 37,3. მეორეს ტემპერატურაც არ აქვს, ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია, დანარჩენი ორი ახალი პაციენტის მდგომარეობას რაც შეეხება, ერთთან პნევმონია არ არის, მეორესთან პნევმონიაა, მაგრამ საშუალო სიმძიმის. 3 არის ბოლნისის შემთხვევა და ერთი უცნობია, რომლის წყაროს მოძიება ახლაც მიმდინარეობს. კრიტიკული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს, გვყავს კვლავ 17 მძიმე პნევმონიით, დანარჩენი საშუალო ან მსუბუქი პნევმონიით, ან პნევმონიის გარეშე", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.