
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან 27 აპრილიდან ღონისძიებების შემსუბუქების პირველი ეტაპი იწყება. მისი თქმით, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, სრულად აღდგება ტაქსების ფუნქციონირება, აღდგება ყველა ტიპის ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სრულად უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ვირუსის გავრცელების გამო ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
ასევე, პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებს, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს. ამ შემთხვევაში ყველა ეს მიმართულება ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული“, - თქვა პრემიერმა.