რეზონანსი
23.04.2020

მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვას იწყებს. დღეს, 00:00 საათის შემდეგ რამადანის თვე დგება.

მეჩეთებში ყოველ საღამოს შესრულდება „თარავის" ლოცვა, თუმცა ქართველი მუსლიმებისთვის წლევანდელი წელი გამონაკლისი იქნება. საქართველოში პანდემიის გამო ყველა მეჩეთი დაკეტილია.

საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ ეპიდემიის დროს უსაფრთხოების მიზნით მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები არ ჩატარდება ძალაში რჩება.

„პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება. მეჩეთებში საღამოობით აღარ შესრულდება „თარავის" ლოცვა. მოვუწოდეთ მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. ჯერ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაირამის დროს. იქამდე ერთი თვეა, გადაწყვეტილებასაც მოვლენათა განვითარების შესაბამისად მივიღებთ", - განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

ერთთვიანი მარხვის დასასრულს მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე და ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია. მარხვის დროს, რომელიც 30 დღე გრძელდება, მუსლიმს დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავის შეკავება ევალება. მარხვა რამაზან-ბაირამის სამდღიანი ზეიმით მთავრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×