საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურების წესებში ცვლილება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, შესაძლოა აეროპორტში თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც მოხდეს.
„აეროპორტში ბევრი სერვისია, აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში. სავარაუდოდ თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, შესაძლებელია, დამატებითი სკრინინგებიც გახდეს საჭირო. ჩვენ საერთაშორისო აეროპორტები თერმოსკრინინგის საშუალებებით აღვჭურვეთ. ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს და მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რეკომენდაციები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან", - განმარტავს თამარ არჩუაძე.
როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე „კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები", თამარ არჩუაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული სამგზავრო რეისები არ სრულდება, აეროპორტში სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.