
შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ ამ მკაცრ შეზღუდვებს უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.
მისივე თქმით, ეპიდემიის შეკავების პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა.
„საბედნიეროდ, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობამ მოიკლო და სულ 5 გარდაცვლილია, გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და იმ საკარნტინო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს.
ჩვენ უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა გვყავდეს.
ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ სულ გაქრება უახლოეს დროში ეს ინფექცია და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს",- განაცხადა ცერცვაძემ.
“პრაიმტაიმი“