
ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შედის, - მიიჩნევენ ექსპერტები. კოვიდ-19-ის შემდეგ კი, ისედაც შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი, კარდინალურად შეიცვლება, რაც განპირობებული იქნება რამდენიმე ფაქტორით - მათ შორის იმიგრაციის შეჩერებითა და ნავთობზე ფასის დაცემით. თუმცა, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანამ ეს სათავისოდაც გამოიყენოს.
ამასთან, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მოსალოდნელია რამდენიმე საკვებ პროდუქტზე დეფიციტის შექმნაც, თუმცა, ეს გლობალურ სახეს არ მიიღებს. სახელმწიფოების უმეტესობას სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ელის. უპირობოა, არსებული ვითარება საქართველოზეც ნეგატიურად აისახება.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავთობის მიმდინარე ფასები „ძალიან საინტერესოა," რაც აშშ-ს სტრატეგიული რეზერვების სრულად შევსების საშუალებას აძლევს. ამასთან, ისიც უნდა აღიშნოს, რომ ტრამპმა 23 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, იმიგრაციის აკრძალვის 60-დღიანი ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ განკარგულება შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების, ე.წ. მწვანე ბარათის მოპოვება სურთ.
გამონაკლისი დაიშვება სამედიცინო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, ასევე, აშშ-ის მოქალაქეების მეუღლეებისა და დაუქორწინებელი, 21 წლამდე შვილებისთვის. განკარგულება არ ითვალისწინებს დროებითი ვიზის მსურველთა იმიგრაციის აკრძალვას.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დღეს არსებული მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ ვითარებას შეადარა. მისი თქმით, „ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი ხალხისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა". ამის შესახებ მან ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა. მერკელის თქმითვე, ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლის ფინალურ ეტაპზე არ დგას, არამედ „მხოლოდ დასაწყისში ვართ."
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიოში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, რაც ყველაზე ცუდად იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთათვისაც ძირითადი შემოსავალი ნავთობით ვაჭრობა იყო. ამასთან, იგი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება საქართველოზეც უარყოფითად იმოქმედებს.
„ნავთობის ფასის დაცემას ალბათ სერიოზული რყევები მოყვება ეკონომიკურ სფეროში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის იქნება დამაზიანებელი და ძალიან სერიოზული დარტყმა, რომლებიც ნავთობმომპოვებლები არიან, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში; რუსეთი, აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.
"თუ გავითვალისწინებთ პანდემიის საფრთხეებს და იმ რისკებს, რომელიც ზოგადად, მსოფლიოში არსებობს, იმ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად ნავთობზე იყვნენ დამოკიდებული, სერიოზული პრობლემები გაჩნდება და ეს გარკვეულწილად, სხვადასხვა გზით, ჩვენზეც იქონიებს გავლენას.
„ისედაც შემცირებულია თანხების გადმორიცხვა ჩვენი თანამემამულეებისთვის ევროპული ქვეყნებიდან. რუსეთშიც საკმაოდ დიდი დიასპორაა. ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტრნიორია და საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორია, თუ მას ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, ეს გავლენას იქონიებს ქვეყანაში აზერბაიჯანულ ინვესტიციებზე.
„ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის საწვავის ფასის გაიაფება ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ მეორ მხრივ, კრიზისი თუ გაგრძელდა, უარყოფით გავლენას აუცილებლად მოახდენს, როგორც რეგიონზე, ასევე საქართველოზეც," - თქვა მან.