რეზონანსი
23.04.2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამაუკა ნავერიანმა რადიო „მარნეულს" უთხრა, რომ დღეს, 23 აპრილს, მუნიციპალიტეტი დამატებით 8 სატვირთოს შემოსვლას ელოდება, რათა მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სარეალიზაციოდ წაიღონ.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ჩავერიოთ პროდუქციის ხარისხის შემოწმებასა და ფასების დადგენაში, ამას მოსახლეობა და კომპანია თავად არკვევენ და თავად თანხმდებიან თუ რომელი ოჯახიდან რა შეიძინონ" - გვეუბნება მამუკა ნავერიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო საქმიანობაზე ნებართვა მხოლოდ ერთ კომპანიას „ჯიბეს" აქვს.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვეუბნება, რომ მუნიციპალიტეტი სხვა კომპანიებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

გუშინ, 22 აპრილს, მარნეულის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, მათ შორის აღმამედლოსა და კასუმლოს მოსახლეობა, სოფელ შულავერში შეიკრიბა და მარნეული-სადახლოს ცენტრალური გზა გადაკეტა. მოქალაქეები მუნიციპალიტეტისაგან მარნეულისათვის კარანტინის მოხსნას და მათი პროდუქტების რეალიზებაში დახმარებას ითხოვდნენ.

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობა მას შემდეგ დაიშალა, რაც მარნეულის მერიისაგან მიიღო პირობა, რომ 22 აპრილიდანვე მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო კომპანია შევიდოდა და ყველა ფერმერს დააკმაყოფილებდა.

რადიო „მარნეული"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×