რეზონანსი
23.04.2020

წინაპირობები იმისა, რომ საქართველოში პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა პურის საცალო ფასის სტაბილურობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებზე საწარმოებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურად საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ. მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას, ეს შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×