რეზონანსი
22.04.2020

ჩვენ არ ვიცით რეალური სტატისტიკა ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან ,- ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უცნობია, კლინიკური კრიტერიუმები, რითაც პაციენტები კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

„ჩვენ არ ვიცით რეალური სტატისტიკა ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან. ჩვენ არ ვიცით პაციენტების სიმძიმე, არ ვიცით ის კლინიკური კრიტერიუმები, რითაც ისინი კლინიკაში არიან მოთავსებულნი. დღესდღეობით არ არსებობს ოფიციალური ციფრები იმ კონტიგენტის შესახებ, რომელიც დღეს ჰოსპიტალშია მოთავსებული. ხაზს ვუსვამ,არანაირად არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ არც ჩვენი კოლეგების ძალიან მაღალ კვალიფიკაციას, არც ეჭვი შემაქვს მათ პროფესიულ თუ ადამიანურ გმირობაში, რასაც ისინი ყოველდღე ჩადიან. პროფესიული ეთიკა, პროფესიული წესები ითხოვს გარკვეული ინფორმაციის, გარკვეული პერიოდულობით გამოქვეყნებას, მეტი არაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ციფრებშიც საიმედო და კარგ ინფორმაციას გავიგებთ, მაგრამ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს სქემა. ჩვენ ვიცით პრემიერ ჯონსონის სისხლში ჟანგბადის შემცველობა საათობრივად, ვიცით რა შეიცვალა „იელის" უნივერსიტეტში გუშინ საღამოს, მაგრამ არ ვიცით რა ხდება საქართველოში. ჩვენ გვჭირდება ქართულ ჰოსპიტალურ სექტორში გატარებული პაციენტების რაციონალური, სამეცნიერო, არაანგაჟირებული, არაპოლიტიზირებული ანალიზი. ჩენ გვჭირდება კლინიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული თემატური დესკრიფციული სტატისტიკით აღწერილი კლინიკური სურათი, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება იმ ხალხისთვისაც, ვინც არ არის ჩართული ამ თემაში და აქვს შანსი, რომ ნებისმიერ წამს ჩაერთოს და ზოგადად სამყაროსთვისაც. გარწმუნებთ, ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ღირებულია, ისევე როგორც კანადის გამოცდილება, ინგლისის გამოცდილება. ჩვენი გამოცდილებაც ღირებულია, ამას აქვს მისი ძალიან სოლიდური წონა, უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ და ამას უნდა მივცეთ შესაბამისი სამეცნიერო ფორმა", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×