
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსუბუქ ავტომანქანებზე დაწესებული შეზღუდვა 27 აპრილსაც იმოქმედებს. არადა, გუშინ ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე გარკვევით თქვა, რომ მსუბუქი მანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვა ორშაბათიდან მოიხსნებოდა:
"გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მოქმედებენ და შემდგომშიც იმოქმედებენ. უკვე ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა", - განაცხადა გუშინ ჩიქოვანმა.
დღეს კი ხელახლა გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა სხვაგვარი ფორმულირება წარმოადგინა:
"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც შეეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
27 აპრილის დღის ბოლოდან კი ძალაში შედის კომენდანტის საათი, როდესაც ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება ისედაც აკრძალულია. ასე რომ, მთავრობამ კიდევ 1 დღით გაახანგრძლივა მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვა და იგი რეალურად 28 აპრილიდან გაუქმდება.