რეზონანსი
21.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ კვირებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდაა მოსალოდნელი. მან დღევანდელ ბრიფინგზე მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და სახლში დარჩეს.

„ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელება მაღალი არ არის. ჩვენი ეპიდემიის გავრცელების მრუდი ჯერჯერობით გლუვი გახლავთ და ის ციცაბო არ არის. წინა კვირაში, გახსოვთ, რომ გვქონდა 3 ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა უმრავლესობამ დაიცვა ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო და ასევე ჩვენი ექიმები მოსახლეობის მიმართ იძლეოდა, მოვახერხეთ, რომ დღის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ახალ შემთხვევას არ სცილდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასევე საქართველოში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში სიკვდილიანობის მხრივ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ჯერ ყველაფერი წინ არის. პანდემია მთელ მსოფლიოში ვრცელდება, დიდმა ქვეყნებმა პანდემიის გავრცელება ვერ გააჩერეს. ჩვენ პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაგვიფიქირდა და 22 მარტს უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები დავაფიქსირეთ, როდესაც უკვე პირველ წყაროზე ვერ გავედით. ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებას. შიდა გავრცელებიდან დაწყებული, მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ მეხუთე კვირაში შევედით. ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია ინფექციის შემთხვევების ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და უმორჩილესად გთხოვთ, რომ ის მთავარი სლოგანი, რაც ამ დღეების განმავლობაში ხშირად გესმით, დავრჩეთ სახლში, ეს ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანადათანობით ამ მდგომარეობიდან",-აცხადებს გამყრელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×