
გაუფრთხილებლობით მკვლელობა - ამ მუხლით დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ სამართალდამცველ სოსო გაბრიაძეს, რომლის ბრმა ტყვიასაც თბილისში 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოსო გაბრიაძის ადვოკატის, ცოტნე წერეთლის განმარტებით, სოსო გაბრიაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა და მომხდარის გამო ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
ადვოკატი ბრალდებულს გუშინ შეხვდა და ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე საუბარს არ აპირებს.
"დღის ბოლომდე გადმომცემენ ალბათ საქმის მასალებს," - განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიების ვერსიით, მოპირდაპირე კორპუსის აივნიდან გასროლილი ტყვია მეშვიდე სართულზე სახლში მყოფ ქალს თავის არეში მოხვდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომელი სოსო გაბრიაძე იარაღიდან გასროლით დღესასწაულებს ხშირად აღნიშნავდა და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.