
დაკავებული პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ უმისამართო გასროლასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცხადებს, რომ მან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.
„ძალიან წუხს, ძალიან ნანობს, ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თვითონ, რომ ეს შედეგი, რაც დადგა, მისმა მოქმედებამ გამოიწვია. ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რაც მოხდა. მითუმეტეს, პოლიციელია, ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.
ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას გადმოგვცემენ. ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია.
როგორც იცით, ამ ტყვიამ დაახლოებით, 600 მეტრი იფრინა, ჯერ საქმის მასალებში არ ჩამიხედავს. მე, როგორც ადვოკატმა, არ ვიცი დამდგარი შედეგი არის, თუ არა ამ ადამიანის მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებული.
თუმცა, ვიმეორებ, ის გასროლის ფაქტს ადასტურებს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუ არ ვცდები, ნასვამ მდგომარეობაში იყო“, – აცხადებს გაბრიაძის ადვოკატი.
დაკავებულ სამართალდამცველს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასროლილმა ტყვიამ მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, თამუნა ანთელავა საკუთარ სახლში იმსხვერპლა.
„ინტერპრესნიუსი“