
არავის ეგონოს, რომ აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რაღაც წყვეტას განიცდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, არსებულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია და ამას საზოგადოებაც მხარს უჭერს. მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთად გამოაცხადებენ, ხოლო პარლამენტი სავარაუდოდ 22 აპრილს უყრის კენჭს. სესიაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას სრულად დაუჭერს მხარს.
„რაც შეეხება პროცედურებს, პრეზიდენტი და პრემიერი ხელმოწერებით გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი კი ოთხშაბათს სესიაზე ამას მხარს დაუჭერს. მინდა, საზოგადოებას ასევე აუხსნა, რომ არ ეგონოს ვიღაცას, უკვე აქამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რაღაც წყვეტას განიცდის. არა, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ვინმეს არ ეგონოს, რომ რაღაც წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.