
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა დიდი პარასკევის მსახურების აღსრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აღდგომის ღამეს, ზუსტად თორმეტ საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი და ეს იქნება ნიშანი, რომ მრევლმა ლოცვა დაიწყოს.
„ვერავითარი მანძილი, ვერავითარი ადგილი ვერ გაგვყოფს. ჩვენ ერთად ვართ. მე მივიღე გულისტკივილით აღსავსე შეტყობინებები, ძალიან დიდი წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ ფოთში, შუაღამეს ზარი არ დაირეკებაო და მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, ღამით, თორმეტ საათზე ეპარქიის ყველა ტაძარში დაირეკება ზარი, გარკვეული დროის მანძილზე და ეს ზარი ყველასათვის იქნება მოწოდება, ნიშანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამ დროს დავიწყოთ ლოცვა და გავერთიანდეთ. თუ ის სანთლები გვაერთიანებს, რომლებიც ფანჯრებში ინთებოდა შობას, ნუთუ ზარების ხმა არ გაგვაერთიანებს?!" - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.