რეზონანსი
17.04.2020

მთელი ეს დისკუსია ეკლესიის თემაზე საშინლად აუფასურებს იმ ყველაზე მნიშვნელოვან, სათუთ, ხელშეუხებელ გრძნობას, რასაც ღვთის რწმენა ჰქვია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

მისი თქმით, ეს გაუთავებელი პოსტები, ვინ წავა ტაძარში, ვინ არ წავა, ვინ უკეთესი მორწმუნეა, სრულიად აუბრალოებს და შეურაცხყოფს ჭეშმარიტ რწმენას.

„მთელი ეს დისკუსია ეკლესიის თემაზე საშინლად აუფასურებს იმ ყველაზე მნიშვნელოვან, სათუთ, ხელშეუხებელ გრძნობას, რასაც ღვთის რწმენა ჰქვია.

ეს გაუთავებელი პოსტები (მათ შორის ჩემი ეს პოსტიც), ვინ წავა ტაძარში, ვინ არ წავა, ვინ „უკეთესი" მორწმუნეა, ვინ „უარესი", სრულიად აუბრალოებს და შეურაცხყოფს ჭეშმარიტ რწმენას.

არაფერი ეს არ გახდებოდა აუცილებელი, დროულად, მშვიდად და ამდენი განსჯის გარეშე (ისე როგორც ეს მსოფლიოს უამრავ რელიგიურ ინსტიტუციაში მოხდა) რომ მიღებულიყო გადაწყვეტილება წირვა-ლოცვის მრევლის გარეშე ჩატარების შესახებ.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, მრევლის გარეშე არც გამოვიდოდა, რადგან მრევლი დისტანციურად დაესწრებოდა ნერვიულობის და იმაზე ფიქრის გარეშე, დისტანციას სწორად იცავს თუ არა და პირბადე დაიცავს თუ არა.

ეკლესიაში ყოფნისას ამ საკითხებზე ნერვიულობა, დარწმუნებული ვარ, ძალიან უშლის ადამიანს იმაზე ფიქრში, რისთვისაც იქ არის და რისთვისაც წირვას ესწრება.

ეკლესია თავგამოდებით ცდილობს თავისი ძალის დემონსტრირებას, რაც მას საერთოდ არ ჭირდება. ძლიერი მაშინ ხარ, როცა ამის ასეთი ფორმებით დამტკიცება არ გჭირდება;

როცა ისეთი მრევლი გყავს, რომელიც ფიზიკურად ტაძარში მოვა თუ არ მოვა, მაინც მხურვალედ ილოცებს; როცა აუდიტორია არ გჭირდება წირვის ჩასატარებლად და სრულიად მარტოც, მიხურულ კარს მიღმა, შესთხოვ უფალს, რომ შენმა ხალხმა და ქვეყანამ ამ განსაცდელს გაუძლოს და გადარჩეს. განსაცდელს, რომელიც ალბათ არა მხოლოდ ვირუსს, არამედ ამ მასიურ, ძალიან უცნაურ დაძაბულობას და ზოგჯერ სრულიად გაუმართლებელ შფოთვას უკავშირდება.

წლების წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოვესწრებოდი ისეთ დროს, როცა სააღდგომო წირვაზე დასწრება/არდასწრების საკითხი ასეთი „საბურთაო" თემა გახდებოდა და ამით, პირდაპირ რომ ვთქვა, შეურაცხყოფილნი დარჩებოდნენ მორწმუნეები. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბევრი სხვა ეკლესია უფრო გაგებით მოეკიდებოდა ექიმების რჩევას, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური.

ალბათ ძნელად წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ვნახავდი ისეთ სცენას, რისი მომსწრენიც დღეს ვართ: ასაკოვანი ქალები კილომეტრებს გადიან ქოშინით, რომ ეკლესიაში მივიდნენ. რადგან მანქანების მოძრაობა აიკრძალა და სასულიერო პირები ამ დროს საუკეთესო, უძვირესი მანქანებით, რომელთა მართვის უფლებაც მიეცათ, მივიდოდნენ ეკლესიაში და უარს არ იტყოდნენ ამ პრივილეგიაზე.

ბოდიშს ვუხდი მორწმუნეებს, ვინც ამ პოსტით გაღიზიანდება და პროტესტი გაუჩნდება, მაგრამ რატომ ვიგდებთ აბუჩად კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ: თუ ამ კანონის მიზანია, რომ შეამციროს ადამიანების ერთად შეკრების რისკი (და მგონია, რომ მიზანი ეს არის), მაშინ მთავარი ის არის, რომ კანონმა ეს მიზანი რეალურად შეასრულოს, თუ მიზანი ის არის, რომ კანონს როგორმე შემოვუაროთ და ფორმალურად დავიცვათ?

ანუ ადამიანები ცხრიდან ექვსამდე უნდა იყვნენ ერთად და მერე გავუშვათ, მთავარია, არ დაჯარიმდნენ. როგორ წარმოგვიდგენია ცხრა საათის განმავლობაში გაუნძრევლად მდგომი ადამიანები ისე, რომ დისტანცია შეინარჩუნონ? ოპონენტები ამბობენ, რომ სუპერმარკეტებშიც ბევრი ხალხია. კი, ეგეც პრობლემაა, მაგრამ იქ ცხრა საათს გაუნძრევლად არ ატარებენ.

ვინც გარეთ იდგება, ის როგორ უნდა იდგეს ამდენი საათი ასეთ ტემპერატურაზე?

ძალიან ბევრი კითხვაა და ეს კითხვები არა მხოლოდ ექიმებს, დარწმუნებული ვარ, თვითონ იმ მრევლსაც უტრიალებს თავში, ვინც ცხრა საათი მკაცრად მონიშნულ წრეში უნდა იდგეს, რომ დისტანცია დაიცვას და მაინც არა აქვს გარანტია, რომ არ დაინფიცირდება. რატომ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მშვიდად და ამდენი ვნებათაღელვის გარეშე ჩაგვეტარებინა", - წერს მაია ბუწაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×