
თბილისში დაჭრეს მამაკაცი, რომლის სახელი ამ დრომდე რამდენიმე შეიარაღებულ დაპირისპირებაში ფიგურირებს.
საუბარია გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილზე. შემთხვევა გუშინ საღამოს ვაკეში მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი გოგა ფეიქრიშვილის ძმას, დავით ფეიქრიშვილს გაუვარდა.
დაჭრის ფაქტი „პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, სადაც განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები?
ძმებს - გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს თბილისში „ტყუპების" სახელით იცნობენ.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მათ მწვავე კონფლიქტი აქვთ ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებმა „ტყუპების" ლიკვიდაცია ცოტა ხნის წინ უკრაინიდან შეუკვეთეს .
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძმები ამ დრომდეც არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ.
ფეიქრიშვილების მკვლელობა მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად აღკვეთა. საქართველოში დაკავებულია ექვსი პირი, უკრაინაში კი - ერთი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ძმების ავტომობილში აფეთქებას გეგმავდნენ.
წყარო: პრაიმტაიმი