
სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი მრევლს ერთობლივი განცხადებით მიმართავს. 13 სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე დროებით უარს ამბობს.
როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.
„უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა. ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით.
სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ: სასულიერო პირები: დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა .
თეოლოგები: ნინო საყვარელიძე ზურაბ ჯაში თამარ გოგუაძე ლევან ბუკია შოთა კინწურაშვილი გიორგი ხუბულური ეკა ჭყოიძე ნინო საძაგლიშვილი ვლადიმერ წითლიძე ვლადიმერ ნარსია კახა კურტანიძე გურამ ლურსმანაშვილი დავით ჩიკვაიძე ალექსი მესტუმრიშვილი მირიან გამრეკელაშვილი გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი).