
ფული არ არის ის რაღაც განსაკუთრებული საგანი, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს ვირუსს, ზუსტად ისეთივე რისკებია ფულთან დაკავშირებითაც, როგორც სხვა საგნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კობა გვენეტაძის თქმით, მაგალითად, კიბის მოაჯირზე, მაგიდის ზედაპირზე, მაღაზიაში სავაჭრო ურიკის სახელურზე თუ სხვა საგნებზე, ყველგან შესაძლებელია რომ ვირუსი იყოს და ასევეა ფულზეც.
„ფულის გამოყენება შეიძლება, მაგრამ ისეთივე ზომებით და სიფრთხილით მივუდგეთ, როგორც სხვა საგნებთან შეხების დროს ვიქცევით. მასთან შეხების შემდეგ დავიბანოთ ხელი, გავიკეთოთ ხელთათმანი, მაგრამ თუ ამის გაკეთება არ გვინდა და მაინც გვეშინია, მაშინ გამოვიყენოთ უკონტაქტო, დისტანციური საშუალებები. ამის პრობლემა საქართველოში არ არის და ეს მიმართულება ძალიან კარგად არის განვითარებული, ასევე დისტანციურად შეიძლება ჩვენი საბანკო საიტებიდან გადახდა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობაც“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მან ასევე განმარტა, როგორ იქცევა ბანკი, როდესაც საცავში ბრუნვიდან ამოღებული ფული შედის და უტარდება თუ არა მას დეზინფექცია.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებთან და ვაკეთებთ ზუსტად იმას, რასაც ისინი აკეთებენ. როდესაც შემოდის ეროვნული ბანკის საცავში, ის იქ ინახება და ორი კვირის განმავლობაში და ეს ფული ბრუნვაში აღარ გადის, რაც სრული გარანტიაა, რომ ეს ვირუსი იქ აუცილებლად უნდა მოკვდეს. მეტიც, ორი კვირა კი არა ჯერაც არ გაგავიშვია ის ფული და ახალ კუპიურებს ვუშვებთ მიმოქცევაში, ამის მარაგიც გვაქვს და ამ მხრივაც მომზადებული დავხვდით, ასე რომ ფულთან დაკავშირებით ეს არის სიმართლე. ისევე მოვერიდოთ, მაშინ, როგორც ვერიდებით დაუცველი ხელით შეხებას და თუ შევეხებით, მაშინ დავიბანოთ ხელი და ჩავიტაროთ დეზინფიცირება“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.