
თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა საჭირო, რომ ქვეყანამ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაზე იფიქროს, რადგან ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა სიმრავლე შეინიშნება და რამდენად მოსალოდნელია უახლოესი ორი დღის განმავლობაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება.