თამთა ჩაჩანიძე
16.04.2020

ევროკავშირმა კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების მოხსნისთვის სამი კრიტერიუმი ოფიციალურად განსაზღვრა - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ამ კრიტერიუმების მიხედვით იხელმძღვანელონ.

"ჩვენი რეკომენდაციები სამ მთავარ წინაპირობაზეა ფოკუსირებული: კორონავირუსის გავრცელების მნიშვნელოვან შენელებაზე, ჯანმრთელობის სისტემის საკმარის შესაძლებლობებზე და ინფექციის მონიტორინგის შესაძლებლობებზე" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა არ წარმოადგენს სიგნალს იმის შესახებ, რომ წევრ ქვეყნებში კარანტინიუკვე შეიძლება მოიხსნას, იგი მიზნად წევრ ქვეყნებს საერთო ჩარჩო გადაწყვეტილების მიღებას ისახავს.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნამდე აუცილებელია წევრი ქვეყნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯანდაცვის სისტემას მომავალი საფრთხეების გამკლავების შესაბამისი რესურსი აქვს.

პირველი კრიტერიუმის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნების ხელისუფლებებმა ინფიცირების სტატისტიკური მონაცემები უნდა გაითვალისწინონ: კარანტინის ზომების შემსუბუქება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების მყარი დინამიკა დაფიქსირდება.

მეორე კრიტერიუმით, ქვეყნები შეზღუდვების მოხსნამდე აუცილებელია დარწმუნებული იყვნენ, რომ ჯანდაცვის სისტემას აქვს რესურსი ახალი ავადმყოფების მისაღებად.

მესამე კრიტერიუმის თანახად კი ქვეყნებმა მოქალაქეების მასშტაბური და საყოველთაო ტესტირება უნდა დაიწყონ, რათა მოხდეს ინფიცირების დინამიკის მონიტორინგი და ჩაქრეს ეპიდემიის ახალი კერები.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის გზამკვლევში ნათქვამია, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ, თუ თითოეული კრიტერიუმის შესაბამისობა როგორ შეაფასონ.

ურსულა ფონ დერ ლიაიენმა, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაეხმარონ ერთმანეთს ამ კრიზისის დაძლევაში.

"უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ეს გამოცდილება და დავეხმაროთ ევროკავშირის ქვეყნებს, ამ კრიზისის დაძლევაში" - აცხადებს ევროკავშირის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×