
თურქეთში თხილის მწარმოებლები დიდი დილემის წინაშე დგანან - ფაროსანა თურქეთის შავი ზღვისპირეთის 8 რეგიონში უკვე გავრცელდა. შედეგად, თხილის უმსხვილესი მწარმოებელი მოსავლის, მინიმუმ, 30-40%-ით შემცირებას ელოდება. ამ პირობებში ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება. ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ წელს თხილის ჩაბარების ფასი 30%-ით მოიმატებს.
ფაროსანამ საქართველოში თხილის წარმოება თავის დროზე 50 მლნ დოლარით დააზარალა. მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი ძალისხმევა დაიხარჯა და უკვე 2018 წელს შესაძლებელი გახდა მავნებლის კონტროლის ქვეშ მოქცევა, შარშან კი მკვეთრად გაუმჯობესდა ქართული თხილის ხარისხი. შესაბამისად, წელს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგში წარმატების დრო დადგება.
ქართველ ფერმერებს ისიც უწყობთ ხელს, რომ ფაროსანა თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანას - თურქეთს დაატყდა თავს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტის, სელალ ტუნსერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მავნებლის განადგურება არ მოხდება, ის წელს თხილის მოსავლის 30-40%-ს გააფუჭებს.
2020 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთიდან თხილის ექსპორტი გაორმაგდა და 208 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიანად ამ სეზონზე თურქეთიდან ექსპორტირებულ იქნა 250 777 ტონა თხილი, რაც წინა სეზონთან შედარებით 32%-ით მეტია. თურქული თხილის იმპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები ეწევიან, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ვითარება ალბათ რადიკალურად შეიცვლება, როდესაც მეზობელ ქვეყანაში მოსავლიანობაც დაეცემა და ხარისხიც.
მეთხილეთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი თოდუა ამბობს, რომ თურქეთის პრობლემების შესახებ ინფორმირებულია და საქართველოს წელს მსგავსი გამოწვევა არ უდგას, ამიტომ ჩვენთან თხილის ფასი ბუნებრივად გაიზრდება.
,,ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, რაც თურქეთში ხდება. მეცნიერებთან, რომლებიც დაკვირვებებს აწარმოებენ და დასკვნებს აქვეყნებენ, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ფაქტია, ფაროსანა გამოჩნდა იმ რეგიონებში, სადაც თხილის პლანტაციებია და ეს არის დიდი საფრთხე მათთვის.
საქართველომ ეს ეტაპი უკვე გაიარა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს თხილის მოვლა, გასხვლა, წამლობა, ფორმირება და ა.შ. რაც ადრე არ გაკეთებულა. საერთაშორისო პარტნიორების და ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით საკმაოდ კარგ შედეგებამდე მივედით. არსებობს ასოციაცია, სადაც 20 ათასი ფერმერია და მათ უკვე აქვთ შესაბამისი აპარატურა ჩვენგან, რათა მოუარონ და შეწამლონ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მათ შეიძინეს ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ, სხვადასხვა აკადემიურ წრეზე დაყრდნობით.
წელს ველოდებით უფრო დიდ მოსავალს, ვიდრე მივიღეთ შარშან, ფასიც უფრო მაღალი იქნება. ბუნებრივია, ქართულ წარმოებას არ აქვს რესურსი, ჩაანაცვლოს თურქეთის ბაზარი, მაგრამ როცა დიდია მოთხოვნა და პროდუქცია ნაკლებია, ეს ბუნებრივად გაზრდის თხილის ფასს. თუ ადრე იყო 60 ათასი ტონა გაუტეხავი თხილი, ახლა უნდა ავიდეთ 100 ათასამდე. ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ ნომერი მეორე თხილის მწარმოებელი ქვეყანა. ბოლო რამდენიმე წელია, ამისათვის ყველაფერი კეთდება“, - განუცხადა თოდუამ ,,რეზონანსს“.
წელს თხილის 20-30%-იან გაძვირებას ელოდება ექსპორტიორი მამუკა ბერიშვილი. მისი შეფასებით, საქართველო წელს ბევრად უკეთეს მოსავალს ელოდება, ვიდრე იყო შარშან.
,,თურქეთში პრობლემა რომ რეალურია, წელს, თებერვლის ბოლოს განაცხადა თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. წინასწარვეა ცნობილი, რომ 25-30%-ით ნაკლებ მოსავალს მიიღებენ, ანუ თურქეთს მოლოდინი აქვს 600 ათასი ტონის. პრობლემები ფაროსანამ გამოიწვია, რომელიც იქ ძალიან აქტიურ ფაზაშია.
შარშან გაწეული სამუშაოების შედეგად საქართველოში მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, პრობლემების უმეტესობა გადაიჭრა და ველოდებით, რომ წელს, 70-80%-ით ფაროსანას საკითხი იქნება მოგვარებული. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ბაზარზე პროდუქცია 20-30%-ით გაძვირდება, ანუ იმ ოდენობით, რამდენითაც თურქეთში მოსავალი შემცირდება“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ ექსპორტიორმა.