
ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. რეკორდული გაუფასურების შემდეგ, უკვე რამდენიმე დღეა, ლარი პოზიციებს იბრუნებს. თუკი გამყარება ასეთი ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, კურსი 3,0-ს ჩასცდეს. თანაც, როგორც ცნობილია, მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 450 მლნ დოლარს გადმოურიცხავს, რაც, ბუნებრივია, ლარს გამყარებაში დაეხმარება.
სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 450 მლნ დოლარიდან, რომელსაც საქართველო მაისის თვეში მიიღებს, 200 მლნ დოლარი საბიუჯეტო დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი, რომელსაც მთავრობა სწრაფად დახარჯავს და ეროვნულ ვალუტაში დააკონვერტირებს. ეს იქნება უცხოური ვალუტის პირველი სარიოზული შემოდინება ბაზარზე.
სწრაფი დევალვაციის შემდეგ, ბოლო დღეებში ლარის გამყარება ისედაც თვალში საცემი გახდა. ეკონომისტი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შემოდინებული დოლარით ლარის უცაბედი გამყარება არ უნდა მოხდეს და საჭიროა, ეს ყველაფერი ეტაპებად გაიწეროს, რაც ეროვნული ბანკის საქმეა.
“ბუნებრივია, ნებისმიერი სვლა, რომელიც ლარის გამყარებას ან გაუფასურებას შეეხება, არის ყოველთვის პანიკასთან ანდა მოლოდინთან ასოცირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოგვიყო თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ან თუნდაც სხვადასხვა კომპანიის შიშმა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეინახონ ეროვნული ვალუტა, დაიკლო. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიზისმა და პანიკამ ნაწილობრივ გადაიარა.
აქედან გამომდინარე, ლარი გამყარებას, რა თქმა უნდა, დაიწყებს, ოღონდაც - ნელი ტემპით. ახლა საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა კარგად და სწორად იმუშაოს. იმედია, ასეც მოხდება, ბევრი შეცდომის შემდეგ. ეკონომიკაზე დარტყმა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. ამხელა აურზაურის შემდეგ ლარმა გამყარება რომ დაიწყოს დიდი სისწრაფით, არც ეს იქნება ბიზნესისთვის კარგი.
ეროვნულმა ბანკმა უცებ შემოდინებული დოლარით მეორე დღესვე ლარის მყისიერი გამყარება არ უნდა დაუშვას, რადგან, ნებისმიერ სიტუაციაში, უცბად გამყარება და გაუფასურება ეკონომიკასთვის არის რთული და ნებისმიერი სექტორისათვის ძალინ მძიმედ აღსაქმელი. ეს არის ეტაპობრივად გასაკეთებელი.
საჭიროა, საბანკო სტრუქტურებს ან საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ ეტაპზე არიან გაჩერებული, მიეცეთ თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ეროვნული ბანკი უნდა იყოს ის შემაკავებელი სტრუქტურა, რომელმაც ლარის ბრუნვაში ან დოლარის შემოდინებაში სწორად უნდა შეასრულოს როლი, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებით”, - განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი ლატარიამ.
შემოდგომის დიდი გაუფასურებისა და ანტირეკორდების შემდეგ, ვალუტა ეტაპობრივად მყარდება. ახლა მთავარია, როდემდე გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე პოზიტიური ტენდენცია და რა ნიშნულს მიაღწევს ეროვნული ვალუტა. ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის თანდათანობით გამყარება ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯების შედეგია.
“ბოლო პერიოდის სპეკულაციური შეტევის შემდეგ, ლარმა თანდათანობით დაიწყო გამყარება, რადგან ეროვნულმა ბანკმა ქმედითი ღონისძიებები ჩაატარა. ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებიც გამოიტანა გასაყიდად, რითაც ფულის გარკვეული ნაწილი ბრუნვიდან ამოიღო, რამაც კურსის გამყარებას ხელი შეუწყო. ასევე პოზიტიური სიგნალი იყო ბაზრისათვის ის გარემოება, რომ ნახევარ მილიარდამდე დოლარს გადმორიცხავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რაც ასევე ეკონომიკის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
რეალურად, დღეს ეკონომიკა ეცემა, თანდათანობით მცირდება სამეწარმეო აქტივობა, რაც ფულზე მოთხოვნას ამცირებს, ამიტომ ვალუტაც მყარდება, მაგრამ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები და რომელი ფაქტორი დაიწყებს ლარზე ზემოქმედებას, რთული სათქმელია, ამიტომ პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ახლო პერიოდში ეროვნული ვალუტა ალბათ მართლაც გაიუმჯობესებს პოზიციებს, თუმცა ხანგრძლივ ვადაში ლარის მუდმივი გამყარება შეუძლებელი იქნება”, - განუცხადა “რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.
ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ლარი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე და ბიზნესისთვის შეზღუდვების გაუქმებამდე ეტაპობრივად გამყარდეს და პირველ ეტაპზე 3,0-იან ნიშნულს ჩასცდეს.