ია აბულაშვილი
15.04.2020

ბრწყინვალე შვიდეულის თითოეული დღე ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ყველა საეკლესიო წესს თავისი ელფერი აქვს. წითელი პარასკევი, იესოს ქრისტეს ჯვარცმის დღე ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მორწმუნენი მთელი დღის განმავლობაში საზრდელს არ მიიღებენ ან მხოლოდ - პურსა და წყალს. დიდ პარასკევს სერობა მაცხოვრის ჯვარცმიდან გარდამოხსნას ეძღვნება. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში რჩება, რადგან მაცხოვარი სამი დღე იყო საფლავში.

პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა, სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, პილატეს შორიახლოს იდგა, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა; უკიდურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. პილატემ იცოდა, რომ იესო დამნაშავე არ იყო, მაგრამ ბრბოს წინააღმდეგ არ წავიდა და გამოსავალი იპოვა. ებრაული ტრადიციით, ხალხს ორი მსჯავრდებულიდან ერთ-ერთი უნდა აერჩია, ავაზაკ ბარაბასა და ქრისტეს შორის. ხალხი, რომელიც იესოს იერუსალიმში შესვლას პალმის რტოებითა და "ოსანას" შეძახილებით შეხვდა, ახლა ყვიროდა ბარაბა, ბარაბა... "ჯვარს აცვი" "ჯვარს აცვი იესო". პასექის პარასკევს პილატემ ხელები დაიბანა, სამსჯავრო სკამზე დაჯდა და თქვა: „მე ბრალი არა მაქვს მაგ მართლის სისხლში".

პრეტორიუმიდან გოლგოთამდე თაკარა მზით გახურებულ გზაზე მიაბიჯებდა იესო აუტანელი ტკივილით, მხრებზე მძიმე ჯვარი ედო, ბრბო უკან მიჰყვებოდა. დღის თორმეტ საათზე სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. მწუხარებით აივსო იესო, ზეციურ მეუფეს ევედრებოდა: „მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რას იქმენ". ამ დროს დედა ღვთისმშობელი ჯვარცმის ფერხთით იდგა და შვილის ტანჯვით გამოწვეული ტკივილი გულს უსერავდა. იესომ ჯვრიდან დაინახა მტირალი დედა, შეებრალა და მის საყვარელ მოწაფეს, იოანეს ჩააბარა: „აჰა დედა შენი".

არემარე წყვდიადმა მოიცვა და მაცხოვარმა ხმამაღლა წარმოთქვა: „მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა" და სული განუტევა. დაბნელდა მზე, მიწა შეიძრა და საფლავები გაიხსნა. იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო. აღსრულდა ნება ღვთისა, მოვიდა სოფლად მხსნელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×