
საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა, შესაბამისად, ეკონომიკურ აქტივობაზე შეზღუდვებიც ამ დრომდე შენარჩუნდება. მიუხედავად პანდემიისა, ხალხისთვის პირველი რიგის ამოცანა უკვე სოციალური მდგომარეობაა, რომელიც დღითი დღე მძიმდება. საგანგებო რეჟიმის პარალელურად ან დასრულების შემდეგ თუ რა დარგებზე უნდა მოიხსნას შეზღუდვები, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ.
ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია და წესები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. პირდაპირპროპორციულად მძიმდება მოსახლეობის ყოფაც. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ 15 აპრილის 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება. ქვეყნის 4 უდიდესი ქალაქი მთლიანად იკეტება.
ეკონომიკის თუნდაც ერთი თვით გაჩერება საკმაოდ მძიმე დარტყმაა მთელი მოსახლეობისთვის. ყველაზე რთული ფულადი გზავნილების კლება და თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაა. საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავლებში ფორმალური დასაქმებით მიღებული შემოსავალი, დაახლოებით, 40%-ია, რაც თითქოს არაა დამოკიდებულების მაღალი ხარისხი, მაგრამ გაურკვეველ ეკონომიკურ პირობებში ამ შემოსავლის სხვა რაიმე რესურსით ჩანაცვლების პერსპექტივა არ ჩანს.
პროგნოზების მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები, მინიმუმ, 10-15 პროცენტით შემცირდება, რაც, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარია. ამ ეტაპისთვის განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო მომსახურების სფერომ, რომლის წილი საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლებში ძალიან დიდია. იქ შედის ტურიზმი და ტრანსპორტი, ასევე - ამ სფეროებთან მჭიდროდ დაკავშირებული საზოგადოებრივი კვების ინდუსტრია და სხვა ტიპის მომსახურება.
ანალიტიკოსები ,,რეზონანსთან“ შეზღუდვების არსსა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ მთავრობამ უახლოეს დღეებში უნდა გააკეთოს განცხადება და დაუშვას გარკვეული საქმიანობა, პირველ ეტაპზე - ონლაინ გაყიდვა და ისეთი საოფისე საქმიანობა, სადაც კლიენტთან უშუალო შეხება არ ხდება.
,,ხელისუფლებას მოუწია, გაეტარებინა უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე დაავდების გავრცელების სიჩქარე იყო. იმ გარემოებიდან გამომიდნარე, რომ პრაქტიკამ აჩვენა ეს საჭიროება. როცა იტალია ამკაცრებდა იმ ტემპით, როგორც დაავადება ვრცელდებოდა, მიიღეს საშინელი ეპიდაფეთქება. ამიტომ, ამ ნაწილში, ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ლოგიკურია.
ახლა კი დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ უკვე შესაძლებელია, გარკვეულწილად, მოიხსნას შეზღუდვები. ვფიქრობ, უკვე შეიძლება, ამოქმედდეს ონლაინ გაყიდვები და ლოგისტიკას უნდა მიეცეს გასაქანი. როცა ეკონომიკა არის რეცესიაში, ეს ნიშნავს, რომ ხარჯვა არ ხდება და ეს უნდა წაახალისო.
ასევე მნიშვნელოვანია, მთავრობამ იფიქროს იმ საოფისე ტიპის ბიზნესების ამუშავებაზე, რომელსაც პირდაპირი შეხება არ აქვს მომხმარებელთან. ეს არ იქნება პირდაპირი რისკის მატარებელი, რადგან ჩაკეტილი კლასტერებია. ამაზე უახლოეს დღეებში მთავრობამ განცხადება რომ არ გააკეთოს, იქნება წარმოუდგენელი, რადგან ბიზნესი ელოდება ამას და მათი ხვალინდელი შემოსავალიც ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ყიფიანმა ,,რეზონანსთან“.
“საქართველოში ეკონომიკის ბევრი დარგი გაუაზრებლადაა გაჩერებული”, - ასეთია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის პოზიცია.
,,ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით - ეკონომიკურსა და სამედიცინოზე, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრონტის რეგულაციებსა და ზომებზე რატომ ვსაუბრობთ? ამ დროს მთავრობაში ამბობენ, რომ პირველები ვიქნებით, ვინც ეკონომიკის აღდგენას დაიწყებს. ბოდიში, მაგრამ ეს უკვე დაიწყო ძალიან ბევრმა ქვეყანამ.
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესმიმართულება სრულიად გაუაზრებლად არის გაჩერებული და ეს მომავალში დიდ პრობლემებს გამოიწვევს. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოზე დაბალი ეკონომიკური პროგნოზი არც ერთ ქვეყანას არ ექნება ევროპაში და თუ რეგულაციებსა და ამ პროგნოზს შორის ვინმე პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს, ეს დიდი პრობლემაა.
საკმაოდ დიდი ჩამონათვალია უკვე იმ ქვეყნებისა, რომლებშიც დაიწყო ეკონომიკის ამუშავება. მეორე საკითხია კიდევ ის, თუ მათ რა დოზით ჰქონდათ ეკონომიკა "დაპაუზებული” და ჩვენ რა მასშტაბის აკრძალვები შემოვიღეთ", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა.