
მცირე და მიკრო ბიზნესი, ასევე თვითდასაქმებულები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. მათ შემოსავლებისა და ნაღდი ფულის დეფიციტს შესაძლოა, ვერ გაუძლონ და ვეღარც მოახერხონ აღდგენა. საუბარია დაახლოებით 200-300 ათას ადამიანზე, რომლებიც, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გამო, ჩიხში მოექცნენ და შემოსავლის გარეშეც დარჩნენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება თვითდასაქმებულებზე უმძიმესად აისახება.
კორონავირუსით გამოწვეული მასშტაბური კრიზისი საქართველოს ეკონომიკას უკვე ძალიან მწვავედ შეეხო. ვითარება დღითი დღე მძიმდება. ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდათ თვითდასაქმებულებს. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, ბუნებრივია, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის „ეკონომიკური მოსაზრებები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსვლისთვის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ, ფაქტობრივად, დასაქმების საკითხი პოსტკრიზისულ პერიოდში იქცევა სოციალურ საკითხად. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ისეთი ინტერვენციები, რომლებიც დასაქმებულთა ამ კატეგორიას შეაძლებინებს, გადაიტანოს მომავალი 3-4 თვე და როგორმე გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა.
„მძიმე დარტყმა მიადგება ვაჭრობას, მომსახურების სფეროსა და სასტუმროებსა და რესტორნებს მოკლევადიან პერიოდში. ბოლო ორ უკანასკნელ სფეროს მოუწევს გრძელვადიან ნეგატიურ შოკთან გამკლავება. რთულია ჯანდაცვისა და განათლების სფეროში კრიზისით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შეფასება დასაქმებაზე. ზოგადად, საქართველოში ცოტაა კაპიტალტევადი და ტექნოტევადი დასაქმების ადგილები, ამგვარად, კრიზისის გავლის შემდეგ შესაძლოა ამ დაკარგული სამუშაო ადგილების სწრაფადვე აღდგენა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანი, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების გამო, ჩიხში მოექცევა და შემოსავლის გარეშეც დარჩება.
კორონავირუსის გავრცელების გამო, დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ქვეყანაში რთული ეკონომიკური სურათი შეიქმნა. საქართველოში სახარბიელო ეკონომიკური ვითარება იქამდეც არ იყო, თუმცა ამ გარემოებამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, თვითდასაქმებულები კი ახლა საფრთხის წინაშე არიან და შესაძლოა, მათ შემოსავალი საერთოდ დაკარგონ.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, თვითდასაქმებულების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე რთულია:
“დღეს უამრავი თვითდასაქმებული ადამიანი შეემატა უმუშევართა რიცხვს და ისინი, პრაქტიკულად, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე - დაქირავებით დასაქმებულები. თვითდასაქმებულების საკითხი არის ძალიან რთული თემა, განსაკუთრებით - სოფელად. მიწის ნაკვეთი დასაქმებას თავისთავად ვერ უზრუნველყოფს, თუ შემოსავალი არ არის. ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრია. მათ ძალიან გაუჭირდებათ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარონ. არადა, სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ, რადგან კრიზისი სწორედ აქ არის მოსალოდნელი. ამ დროს მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასები გაიზრდება, რადგან დეფიციტი გაჩნდება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ გავართმევთ თავს და მთავრობა რითი დაეხმარება გლეხებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს. შემოდგომა წინ გვაქვს და ძალიან რთული პერიოდი გველის.
თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი არის სოფლად და ისინი თუ რაიმეს აწარმოებენ, ეს ხდება საკუთარი მოხმარებისთვის. იმდენი ვერ იწარმოება, რომ სხვები უზრუნველყონ. პრობლემა სწორედ ესაა. ამიტომაა, რომ ამ სფეროში იმპორტი იზრდება და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო, ადგილზე გვეწარმოებინა ყველაფერი.
თვითდასაქმებულები შეიძლება, შიმშილს გადაურჩნენ, იქიდან გამომდინარე, რომ თავისთვის რაღაც აწარმოონ, მაგრამ, ამის გარდა, მათ სხვა ხარჯებიც აქვთ. თუ მხოლოდ ოჯახისთვის მოიყვანეს საკვები და შემოსავალი ვერ მიიღეს, კიდევ უფრო გართულდება მათი ყოფა, ამიტომ თვითდასაქმებულების საკითხი ძალიან სერიოზულია”, - განუცხადა “რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.
ამჟამად ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია. დღითი დღე მძიმდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც. ყველაზე ცუდი კი ის გარემოებაა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ასეთი რთული ვითარება როდემდე გასტანს. პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის აზრით, რამდენადაც ქვეყანაში თვითდასაქმებულთა ოდენობა საკმაოდ მაღალია, ვითარება უფრო რთული გახდება.
“საქართველოში თვითდასაქმებულების მაღალი ხვედრითი წილია და ისინი არა მხოლოდ სოფელში, არამედ ქალაქშიც არიან. სოფელში მცხოვრები თვითდასაქმებული, თავის საკარმიდამო ნაკვეთში ამუშავებს მიწას, ყიდის პროდუქციას და იღებს გარკვეული სახის შემოსავალს. მეორე მხრივ არიან სოფლიდან ქალაქში წამოსული ადამიანები, რომლებიც, ფაქტობრივად, წვრილმან ვაჭრობას ეწევიან და ითვლებიან თვითდასაქმებულებად. ამ ორივე მიმართულებით რთული მდგომარებაა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობა უკიდურესად შემცირებულია და არა მარტო ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანიების ხარჯზე, არამედ თვითდასაქმებულების ხარჯზეც. მათი შემოსავლები საკმაოდ მოიკლებს და ცხოვრება, ბუნებივია, ძალიან გაურთულდებათ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მათი დანაკარგების ზომა და მდგომარეობის გაუარესების სიღრმე ამ პროცესების ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. პანდემია რაც უფრო დიდხანს გასტანს, თვითდასაქმებულების მდგომარეობა უფრო მეტად გართულდება”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ელგუჯა მექვაბიშვილმა.