
ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია მოსახლეობა სახლში დარჩეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს დაფიქსირდა პირველი დღე, როცა ტესტირების შედეგად 30 ახალი პაციენტი შემოგვემატა. მე ვიმედოვნებ, რომ ხვალ და ზეგ ეს მაჩვენებელი არ იქნება 30-ზე მეტი. ამ შემთხვევაში შეიძლება შედარებით წყნარად ვიყოთ. საერთოდ, შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მოსალოდნელია დაავადების მატება, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება, ასეულები არ იქნება და იქნება მხოლოდ ათეულები, ამ პრობლემას, ალბათ, შედარებით ადვილად გადავლახავთ. ამისთვის აუცილებელია დარჩეთ სახლში. სულ ამას ვლაპარაკობთ, დარჩით სახლში", - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მან ასევე კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა უცვლელია, ხვალ კი საავადმყოფო შესაძლოა რამდენიმე პაციენტმა დატოვოს. კლინიკაში კი დღეს 2 ახალი პაციენტი მოათავსეს.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.