რეზონანსი
14.04.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებისა და მედდების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. გოფოძე ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობას არ აკონკრეტებს.

„თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმებზე და მედდებზე პასუხები მიღებულია. დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, თუმცა დაწვრილებით ინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებზე ვერ გავცემთ," - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ სხვა პაციენტებს, გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში covid19 გუშინ 9 პაციენტს დაუდასტურდა.

„9 დადებითი შემთხვევიდან ცხრავეს ეპიდანამნეზი ცნობილია, ისინი სხვადასხვა კლასტერებს მიეკუთვნებიან, მაგრამ ყველა ვიცით საიდან მოვიდა. ინფიცირებული პაციენტებიდან არასრულწოვანი არცერთი არ გვყავს, რისკ ჯგუფის პაციენტები გვყავს, რომელთაც თანმხლები დაავადებები აქვთ. ჩვენდა საბედნიეროდ, არცერთ მათგანს მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას დადასტურებული პნევმონია აქვს, არ ჭირდება რაიმე განსაკუთრებული რეანიმაციული ღონისძება," - განაცხადა მან.

ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსზე კვლევა კიდევ 20-მდე პაციენტს ჩაუტარდა, რომელთა პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

„დაახლოებით, 20 ტესტი იქნა აღებული, ჩვენთან ტესტების რაოდენობა მაღალია, რადგან ცხელების ცენტრიც ვართ. ამ საღამოს გვეცეოდინება დაახლოებით, 20 პაციენტის პასუხი", - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვინაიდან მისი თქმით, პიკური სიტუაცია ნელ-ნელა დგება.

„ამ ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანთა კონტაქტები, ამიტომ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, მუდმივად ხედავთ წარწერას - დარჩით სახლში. ჩემი რეკომენდაციაა, სახლში დავრჩეთ და პირადი ჰიგიენა მაქსიმალურად დავიცვათ. მასქიმალური დისტანცირება ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შეჩერებას, მითუმეტეს, ეპიდემიოლოგიური პროგნოზით ახლა ნელ-ნელა პიკური სიტუაცია დგება, ინფიცირებულების რაოდენობამ უნდა მოიმატოს", - განაცხადა გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×