
იტალიური გაზეთი „ლა რეპუბლიკა" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ იტალიაში მცხოვრები რუსები თავის იტალიელ ნაცნობებს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის, რუსეთისთვის მადლობის საჯაროდ გადახდის სანაცვლოდ 200 ევროს სთავაზობენ.
„ლა რეპუბლიკა" წერს, რომ აღნიშნულ შეთავაზებას იტალიელებს „ვოტსაპის" საშუალებით უგზავნიან ერთ-ერთი რუსული მედიასაშუალების სახელით, თუმცა თავად რუსულ გამოცემას არ ასახელებს. იტალიელებს სთხოვენ გააკეთონ მოკლე ვიდეო, სადაც მინიმუმ 15 იტალიელი უხდის მადლობას რუსეთის ხელისუფლებას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში დახმარებისათვის და შემდეგ „ტვიტერში", „ფეისბუკში" ან „ინსტაგრამში" საკუთარ გვერდებზე ატვირთონ.
თითოეულ ასეთ ვიდეოში შემკვეთი 200 ევროს იხდის, რომელიც მასში მონაწილე იტალიელებს შორის განაწილდება.
„ლა რეპუბლიკა" დაუკავშირდა ერთ-ერთ იტალიელ ქალბატონს, რომელმაც მსგავსი ვიდეო სოციალურ ქსელებში გააზიარა. იგი აცხადებს, რომ ჩანაწერის გაზიარება მეგობარმა სთხოვა, რომელიც ამ ვიდეოში თავად მონაწილეობს და ამაში 20 ევრო გადაუხადეს.
იტალიაში რუსეთის საელჩო ასეთ ფაქტებთან თავის კავშირს გადაჭრით უარყოფს აცხადებს, რომ მადლობის ნაცვლად ფულის შეთავაზება თაღლითების პროვოკაციაა.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, რუსეთის ფედერაციამ იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით ცხრა „ილ-76" თვითმფრინავი გაგზავნა. ბორტზე ძირითადად სამხედრო ექიმები და ინფექციონისტები იმყოფებოდნენ. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი იტალიური გამოცემა „ლა სტამპა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსული ჰუმანიტარული ტვირთის 80% „სრულიად უსარგებლო ან ნაკლებად სასარგებლო" აღმოჩნდა.