რეზონანსი
14.04.2020

სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიციფრების გამო, ზეთისცხებაზე მისულ მრევლს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია დღეს დაკეტილი დახვდა. მათი განმარტებით, მოძღვრის ინფიცირების შესახებ ადგილზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს.

როგორც ეკლესიის დარაჯმა ჟურნალისტებს განუცხადა, შენობაში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო ყველა პირი, რომელსაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსულ ეკლესიასთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადადის, მათ შორის 6 სასულიერო პირი, რომელიც აღნიშნულ ტაძარში მსახურობს.

დარაჯი ჟურნალისტებთან საუბრისას იხსნებს, რომ დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოლოს 1 კვირის წინ, ხარების დღესასწაულზე ნახა, თუმცა მას შემდეგ მამა გიორგი პაპავა ტაძარში აღარ მოსულა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამა გიორგი პაპავა მსახურებას ბზობის დღესასწაულზეც ესწრებოდა.

ცნობისთვის, რუსული ეკლესიისგან განსხვავებით, ღიაა მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე მეტრში მდებარე ლურჯი მონასტერი.

სასულიერო პირის დაინფიცირებას ადასტურებენ საპატრიარქოშიც. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, ღვთისმსახურებს მამა გიორგი პაპავასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

დაინფიცირებული მოძღვარი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დას, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის ექთანია. ინფიცირებულია ექთნის შვილიც.

“Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×