რეზონანსი
13.04.2020

„გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტთან საუბრობს.

- ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეშია. ეკონომიკა ჩამოშლილია, საბიუჯეტო სახსრები კი არ არსებობს, რომ ეკონომიკა ფეხზე დადგეს. მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა 15%-ით და ეს ტენდენცია გრძელდება. ჯერ ეკონომიკის განადგურებას ვერ აღიქვამს ხალხი, თავად ხელისუფლება. უცხოეთში დასაქმებული ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებიდან ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობდა. ეს ორივე მინიმუმამდე შემცირდება, როდესაც გადაივლის პანდემია. ეკონომიკის ძალიან ბევრი დარგი ვეღარ დადგება ფეხზე, გაკოტრდებიან საშუალო და წვრილი ბიზნესები. ცხადია, ყველა არა, მაგრამ ბევრნი. არც მსხვილ ბიზნესს მოელის კარგი დღე, შეამცირებენ სამუშაო ადგილებს. მოკლედ, დღეს ვინც დროებით უმუშევარია საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო წესების გამო, მათი დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება. საუკეთესი შემთხვევაში, მინიმუმ, 2-3 წელი იქნება საჭირო, რომ ფეხზე დავდგეთ. მოკლედ, ბიუჯეტში რაც არის, ის ფული შეიჭმევა და მერე იმ ბიუჯეტს ვერ შეავსებენ. უამრავი ადამიანი სახლშია გამოკეტილი ყოველგვარი ფულადი დანაზოგისა და სასურსათო მარაგის გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. უფრო გამწვავდება ყველაფერი, უფრო გაღრმავდება ეს კრიზისი. ხალხის უკმაყოფილებას ვერ შეაჩერებენ ვერც ბიძინას ფულებით და ვერც საარჩევნო ტრიუკებით.

ჩიხშია ხელისუფლება და ხალხიც ჩიხში მოაქცია. მეც მინდა იყოს გამოსავალი, მაგრამ არ ჩანს. ასე იცის 8 წელიწადი არაფრის კეთებამ, გამოგონილ პოლიტიკურ მტრებთან ბრძოლამ და ამის ხარჯზე ხელისუფლების შენარჩუნებამ.  სოციალურ აფეთქებებს გამოიწვევს ის გაჭირვება, რომელიც წინ ელის ხალხს. ქუჩაში გამოსული მშიერი ხალხი რომ არავის დაზოგავს, ეს ყველამ კარგად იცის. ადამიანს რომ შიმშილით უკვდება შვილი, შვილიშვილი, იმას უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი, იმას ვერც საგანგებო მდგომარეობა გააჩერებს, ვერ კომენდანტის საათი და ვერც ტანკების კოლონა. ეს მშიერი ხალხი თუ გამოვიდა, მერე ააყირავებენ ყველაფერს. თან, ადამიანი როდესაც შიმშილის გამო გამოვა გარეთ, იმას კანონებით ვერ დაელაპარაკები. ვერ ეტყვი, ეს და ის რატომ გააკეთეო. მიეცი პური და ცუდს და უკანონოს არაფერს არ იზამს. ეს პური, სასურსათო მარაგი კი არ არსებობს ამ ქვეყანაში. რამდენი ხანია, სახლში გამოკეტეს ხალხი და ჯერ ხელისუფლება მათთვის დახმარების გაწევაზე- ფულად დახმარებაზე, ვაუჩერებსა თუ თუ ე.წ. სოციალურ პაკეტებზე არც კი იღებენ ხმას.

 

წყარო : "ალია"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×