
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 84 პაციენტი იმყოფება, აქედან 67-ს კოვიდ19 აქვს დადასტურებული.
კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი კლინიკას დღეს დაემატა.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატიანის თქმით, რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 81 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღეში გაეწერება.
„რეანიმაციული განყოფილებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი, რომელიც შემოსული იყო კლინიკაში 18 დღის წინ. გვყავს თერაპიულ განყოფილებაში დაკვირვების მიზნით და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაეწერება" , - აღნიშნა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო კიდევ ორის - სტაბილურად მძიმე.